пятница, 7 июня 2019 г.

ხმა სადღაციდან...

რიჟრაჟს ელოდები და უძილო ღამის გათენებამდე,  შენს შიგნით აწრიალებულ სულს ვერ აწყნარებ.  მერამდენედ ცდილობ დაწყნარებას,  ფიქრების განზე მოსროლას,  მაგრამ ის მაინც გესაუბრება.  შენს ამბავს გიყვება,  შენსავე ცხოვრებაზე გიკეთებს ანალიზს და მალე დასკვნებსაც მოგაწვდის - განაჩენივით.
უსმენ სიჩუმეს და მუსიკის მოსმენა გენატრება,  საყვარელი მელოდიებიც აღარ გაწყნარებს,  არც მას უშვებს ფიქრები შენამდე. 
ყვირილი გინდა? 
არა,  უფრო ღრიალი ბოლო ხმაზე და არც ამის საშუალება გაქვს.
გიჟი ხარ?
ჰო ხარ ან არ ხარ და გინდა იყო.  მათთვის ბევრად იოლია ცხოვრებაზე ყურება.
ჩუმად ხარ და ხედავ,  ან ხვდები,  როგორ ლაგდება შენს გარშემო ყველაფერი,  როგორ იბრუნებს ძველ იერსახეს,  თითქოს. არც არაფერი შეცვლილა იქიდან აქამდე.  შუალედში, მხოლოდ შენ იყავი და ამოშლილი ხარ.  გადაშლილი საიმედო საშლელით ისე,  რომ წერტილადაც არ დარჩე სადმე,  რომ ვერავინ და ვერაფერმა შეგამჩნიოს.
გადიხარ საკუთარი ცხოვრებიდან,  რადგან სხვამ უკვე გაგიშვა,  რადგან თავისას იწყობს - ალაგებს.
გეშინია?
ჰო,  ძალიან გეშინია და იცი რატომ?
ხვდები,  როგორ ჰკარგავს სხეული მოთმენის უნარს,  რომელსაც სული აჩერებს,  გარეთ არ უშვებს.
რატომ აჩერებს,  რატომ არ უშვებს თავისუფლებაზე?  თვითონ თუ უკვდავია,  მასაც მისცეს ჯერ სიცოცხლის უფლება.
დაიღალე...
დაიღალე,  რადგან იცი,  უშენოდაც ძალიან მარტივად გრძელდება ცხოვრება.
მთავარია,  იმდენ ძალას პოულობ შენში,  რომ არ გაბოროტდე და ისევ საკუთარი სულის კივილს შეგიძლია უსმინო,  სხეულს არ ნებდები.
გული?   გულს,  რატომ არ ახსენებ?
ააა,  აღარ გაქვს?  არცაა საჭირო,  საკმარისად მიუძღვენი და შენთვის აღარ დარჩა.
გათენდა?
არა,  ჯერ ისევ შუაღამის წყვდიადია გარეთ და კიდევ რამდენიმე საათით მოგიწევს აღრიალებული სულის მოსმენა,  რომელსაც ვერ მოერევი...

Комментариев нет:

Отправить комментарий