понедельник, 10 июня 2019 г.

თურმე, ძალიან მიყვარხარ...

ქარი ჰქრის ფანჯრიდან, მაგრამ მოძალებულ ამოსუნთქულ კვამლს ვერ ფანტავს, თითქოს ფიქრებიც დამიბინდდა... ვხედავ ღრუბლებს და შიგ შეცურებულ მშიშარა მთვარეს, რომელიც იმალება... მერე რა, რომ ჩემზე მილიარდჯერ დიდია, მას სული არ აქვს, იყურება და იმუქრება... მე კი გრძნობები მახრჩობს... მოკლედ, თითქოს ნეკნებში დიდი სიცარიელეა და გამოიფიტა ისე, რომ ზოგჯერ მტკივა. ნუთუ სხეულსაც აკლიხარ? 
ყოველდღე მზე და მთვარე... არაფერი ახალი, ყველაფერი უსულო, მათ შორის შენც შეუერთდი უსულოთა ჯგუფს, რომლებიც თოჯინებივით დაძრწიან... როგორ არ მაინტერესებს ირგვლივ რა ხდება... როგორ მინდა უჩინარი ვიყო... ან უბრალოდ იმედი არსებობს სადღაც, იმედი იმისა რომ ისევ ორნი ვიქნებით, ჩემს ოთახში... ისევ ორნი და განუმეორებელნი... მაინც ვამაყობ, როცა სხვებს ვუყურებ... ჩვენნაირად არავის ყვარებია, არავინ არავის მოფერებია ჩვენი სიყვრულით... ისინი თოჯინები არიან, ლამაზი თოჯინები - სიყვარულით დატენილი ბატარეებით... ჩვენ კი მოვარდნილი გაურკვეველი რაღაც გვაკავშირებს... შეგვეძლო შეუძლებელი გაგვეკეთებინა... ჩვენ კი სანაგვეზე გადაყრილი თვისებები დაგვჩემდა... ალბათ იმიტომ, რომ სანაგვიდან ამოყრილ საზოგადოებას
ზურგს ვერ აუვლი.  შენც გადმოგედება ის ცუდი თვისებები, რასაც ხალხი ატარებს...
ნეტა დაბადებიდან, თვალის გახელიდან მყვარებოდი... უკეთესი იქნებოდა არავისთვის შემეხედა და წინ მხოლოდ შენ მდგარიყავი.  ჰო, კიდევ შენი ჩრდილი... 
ახლა ყელში მოწოლილი ბოღმასავით ვანთხევ ამ სიყვარულს, თავის დროზე კი ვნატრობდი - ნეტა გამქრალიყო...  მწარედ დამცინი... შენი აშენებული,  შენვე დამინგრიე... რად მინდა სიყვარული თუ მაინც უნდა წავიდეს, რად მინდა სიყვარული თუ მაინც უნდა მოვკვდე - მომეცი რაიმე უკვდავი. თუმცა,  შენ უკვე მომეცი, მე კი გავუშვი... იმის შემდეგ, ვერც გრძნობა ვიპოვე, ვერც მისი თვალები... ბოლოს ისე სასტიკად შემომხედა იმ პატარა წრეებმა სული მომეყინა... ვიგრძენი, რომ გაქრა ეს ვითომ სიყვარული და მეც გავიყინე წარსულსა და მომავალს შორის... ვერც ერთს ვტოვებ და ვერც მეორეზე ვფიქრობ... ახლა, მართლა არ მაინტერესებს ირგვლივ რა ხდება... 
და ვფიქრობ, მაშინ რას აქვს ფასი? 
რისთვის ვარ მე აქ? 
რისთვის ვფიქრობ რისთვის ვიბრძი... 
ვინ იცის? 
ეს იმედია, ყველაზე უბედური და სასაცილო განცდა: იმედი, როცა იცი, რომ არაფერი გამოსწორდება... 
იმედი კი გიყვირის: "დაიცადე, რა იცი რა ხდება, არაფერიც არ იცი, იქნებ დრო უკან დაბრუნდეს"... რა დააბრუნებს?... მე კი მჯერა იმედის.... სულელივით მიხარია, რომ მაქვს იმედი... რომ ისევ გიგრძნობ ჩემთან, შენს მკერდზე მიხუტებულს და გავიღიმებ ისევ... თვალებში ჩაგხედავ და არაფერს გეტყვი... 
ამ პატარა ფერად წრეებში მაინც ყველაფერი ჩანს...
ახლა ვზივართ მე, იმედი და ფიქრთა გორგალი... გვიხარია, რომ შენთან გატარებული დღეების წარმოდგენა ისევ შემიძლია, შემიძლია ისევ განვიცადო და გავთბე... მაგრამ შემდეგ ყველაფერს ღრუბლის ფერი დაჰკრავს... სამყარო არაფერი ყოფილა ამ ციცქნა განცდასთან შედარებით...
ახლა უკვე ოთხნი ვართ - მე, იმედი, ფიქრები და ცრემლები... 
ჰო, უძლური ვარ ცრემლებთან ბრძოლაში... 
თურმე,  ძალიან მიყვარხარ...

Комментариев нет:

Отправить комментарий