понедельник, 7 января 2019 г.

იესო დაბადებულა - ალილო...


გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
ქრისტეს შობა უფრო დიადი, გასაოცარი და ღრმა საიდუმლოა, ვიდრე ღმერთის მიერ მთელი სამყაროს არაფრისაგან შექმნა. მალე ორი ათასი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ღმერთი შობად მოვიდა და წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის სწავლებით, იმად იქმნა, რაც მანამდე - ადრე არასოდეს არ ყოფილა: ღვთაება კაცად იქცა და ღმერთადვე დარჩა. ჩვენს განსაზღვრულ ადამიანურ გონებას არ ძალუძს შობის ამ საიდუმლოს შეცნობა და გაცნობიერება, თუმცა შეიძლება მისი „რწმენის თვალებით“ დანახვა და დაჯერება. შობა ღვთისა, განხორციელებული ადამიანთა მოდგმის - ცოდვების, შეჩვენებისა და სიკვდილისაგან გამოსყიდვისა და ცხონებისათვის, ესოდენ საკვირველი და მიუწვდომელი, მხოლოდ სული წმიდის მადლმა იცის. ღმერთი ჭეშმარიტი იშვა ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ქალწულისაგან ხორცი შეისხა და განკაცდა, მაგრამ ისე, რომ თავისი ღვთაებრიობა არ დაუკარგავს. ის შვა ქალწულმა მარიამმა, რომელიც შობამდეც, შობის დროსაც და შობის შემდგომაც მარადიულ ქალწულად დარჩა, - ამიტომაც ეწოდა დედას ღვთისას - მარადისქალწული. ფიზიკური, ბუნებითი კანონების თანახმად გათხოვილი დედაკაცი დაფეხმძიმდება და ბუნებრივად შობს ძეს, მაგრამ როცა შეუღლებისა და ქორწინების გამოუცდელი ქალწული უქმროდ შობს საკვირველ ძეს - ღვთაებრივ ყრმას - და შობის შემდგომ ქალწულად რჩება, - ეს მოვლენა ყოველგვარ ბუნებრივ კანონებზე მაღლა დგას და ჩვენი ადამიანური შემეცნების საზღვრებს სცილდება. ჩვენ მხოლოდ განცვიფრება თუ შეგვიძლია ამის გამო და ზეციურ ანგელოსთა დასთან ერთად შესხმა ხოტბისა და წარმოთქმა სასიხარულო გალობისა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

შობის ამ გასაკვირველ დღეს უხილავი ღმერთი ხილული გახდა, - ყველაფერი მიიღო ადამიანური - სული, სხეული, თვისებები - გარდა ცოდვისა, რათა ესწავლებინა გზა ჭეშმარიტებისა, გზა ზეციურ სასუფევლამდე ამაღლებისა. ადამმა მოინდომა ღმერთს დამსგავსებოდა და იმ სიმაღლიდან დაეცა, რომელზედაც იდგა, ამიტომ ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი განეღმრთო და აემაღლებინა. ღმერთმა ამ სასწაულებრივი შობით თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ თავისივე ქმნილებისაგან - ქალწულ მარიამისაგან - სხეული შეიმოსა, ხორცი შეისხა, რათა ამგვარად ცოდვით დაცემული, მომაკვდავი, ხრწნადი ადამიანური ბუნება (სხეული) მკვდრეთით აღდგომის შემდგომ უხრწნელებით შეემოსა, განეახლებინა და ზეცამდე აეყვანა; ჩვენი უსაზღვრო სიყვარულის გამო ღმერთი ყრმად იშვა, რათა ცოდვას დამონებული ადამიანები ღვთის შვილებად გადავიქცეთ; ის, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, მპრყობელი და მეუფე მთელი ხილული და უხილავი ქვეყნიერებისა, ცათა შინა დიდებით მჯდომარე მარჯვენით მამისა, ჩვენი ხსნის მიზნით უბადრუკ გამოქვაბულში - საქონლის სადგომში იშვა და ცხოველთა ბაგაზე მიიწვინა; ჩვენი სხეული შეიმოსა, რათა თავისი სული მიენიჭებინა; პატარა ქალაქ ბეთლემში იშვა, მაგრამ დედამიწის ყველა კუთხეში მიღებულ იქნა. იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნება, ორი არსი შეერთდა - ღვთაებრივი და ადამიანური, შეერთდა განუყოფლად და ერთმანეთში შეურევლად. იესო ქრისტეში ორი ნებაა - ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ისე, რომ ერთმამეთს არ ეწინააღმდეგებიან, - ადამიანური ნება ღვთაებრივ ნებას ემორჩილება. ერთი სიტყვით, უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია, ანუ ღმერთკაცია. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ხორცშესხმისა და განკაცების საიდუმლოს ჩავწვდეთ, მაგრამ თუ კეთილგონიერებას გამოვიჩენთ, იმას კი მოვახერხებთ, აღმოსავლელ ვარსკვლავთმრიცხველების (მოგვების) მსგავსად უღმესი მოწიწებითა და კრძალვით მუხლი, გული, სული და გონება მოვიკრიბოთ ქრისტეს წინაშე, რომელიც გუშინ, დღეს და ხვალ ერთი და იგივეა უკუნითი უკუნისამდე და ოქრო, გუნდრუკი და მური ჩვენც ძღვნად მივუტანოთ მას.

Комментариев нет:

Отправить комментарий