დილა...
დილა იმის შემდეგ არსებობს, რაც ღმერთმა ბნელს ნათელი
გაჰყარა...
მისთვისაც შემდეგი დღე ისევე როგორც მთელი კაცობრიობისათვის,
დილით იწყება...
ყველა ისე იღვიძებს, როგორც თვითონ?
პატარა, გისოსებიანი ფანჯრიდან და საწოლის პირდაპირ
დატანებული „ფორთოჩკიდან“ შემოსული დილის სინათლე
აღვიძებს. თუმცა, ყოველდილით ჰგონია, რომ სიზმარი
აღვიძებს და ვერ იხსენებს, სად და როგორ იყო სიზმარში... მერე თითქმის მთელი დღე დაჰყვება
დაუმახსოვრებელი სიზმრის თითქოსდა შემორჩენილი სიუჟეტები...
თუ მზემ ვერ დაასწრო ამოსვლა, დგება და ფანჯარასთან მიდის ამინდის შესამოწმებლად...
სადღაც ახლოში ყვავი ჩხავილს იწყებს. ვერ იტანს ყვავის ხმას. ალბათ რაღაც ცუდის მომასწავებლად მიაჩნია ყვავის
დილაადრიან დაჩხავლება. რაღაც სიტყვებს იმეორებს
გულში, ყვავს „წყევლას“ იქით უგზავნის და გათენებული დღისთვის იწყებს მზადებას...
თავის ერთადერთ და ყველაზე გულითად მეგობარს - კომპიუტერს
რთავს. მისგანაც რაღაცას ელოდება, ღამით გვიან
დატოვებულ წერილს კითხულობს, რომელიც ყოველთვის ერთი შინაარსისაა - „ტკბილი სიზმრები“. თითქოს უნდა უხაროდეს, დილის და დღის ოპტიმიზმით ავსებდეს, მაგრამ ეს იშვიათად და მხოლოდ მაშინ, როცა ორ მუდამ ერთნაირ სიტყვას სხვა სიტყვა ან რაიმე
კომპიუტერული გამოსახულება ახლავს თან...
ტელეფონზე საათს ამოწმებს. ერთი საათის დრო კიდევ აქვს, ვიდრე გარეთ გავა და
ყოველდღიური, ერთნაირი ცხოვრების კიდევ ერთ დღეს გაატარებს დაღამებამდე...
ყავისთვის წყალს ადუღებს... ადრე, უფრო ახალგაზრდობაში ყავას საერთოდ არ სვამდა. ყავაზე დამოკიდებულ ადამიანებს დასცინოდა კიდეც
და ყავისფერ, სურნელოვან სითხეს მათ „საწვავს“
უწოდებდა, რომლის გარეშეც ვერ დადიოდნენ,
ვერ აკეთებდნენ ვერაფერს და თავის ტკივილი
ეწყებოდათ ყავის გარეშე...
ერთ დღეს კი თვითონაც დაიწყო სურნელოვანი სითხის მიღება. ნებაყოფლობით არა, გენეტიკურად ბოძებული დაბალი არტერიული წნევის გამო
ურჩია ექიმმა, წამალივით, თუნდაც ერთი ფინჯანი
მიეღო დღეში... ყოველდღე „კოფეინის“ ამპულის თავის მოტეხვას და წამლით წნევის აწევას, ყავა ნამდვილად სჯობდა... გემო ბევრად სასიამოვნო
ჰქონდა...
კედელზე პატარა სარკეა დაკიდებული, ნახევრად ჩანს შიგ, ¾ -ზე ყოველდღიურ სურათს უღებს სარკე. სარკეს უყვარს ადამიანები, მოსწონს, როცა გამოსადეგი ნივთია... აი ადამიანებს
კი ყოველთვის არ მოსწონთ სარკესთან ურთიერთობა...
თვითონაც ასეა,
ხან ხშირად იყურება სარკეში და თავის სახეს უყურებს, რომელიც მაინცდამაინც ახალგაზრდულად
აღარ გამოიყურება, ან არის დღეები, როცა არ
ურთიერთობს მასთან... არის იშვიათი დღეც, როცა თავის თავს ელაპარაკება სარკეში, ხან ხმამაღლა, ხან ფიქრებით ურთიერთობს მასთან,
ჩხუბობს სარკესთან საკუთარი თავის გამოსახულებით, ეცოდება საკუთარი თავი ამ სარკეში
და იშვიათად, მაგრამ დროდადრო უღიმის კიდეც...
თითქმის გაციებული ყავის ბოლო ყლუპის დალევის და რაღაც
საქმეების მომთავრების შემდეგ გარეთ გადის... ეკლესიასთან ჩავლის დროს, ყოველდღიურ „მამაო ჩვენოს“ ამბობს და დღეს დაწყებულად მიიჩნევს...
დანარჩენიც ყველაფერი ისეა, როგორც ყოველდღე, არაფერი
განსაკუთრებული... თუმცა, იცის, ან ძალიან
უნდა, რომ ყველაფერი შეცვალოს... ალბათ ამიტომ
აქვს სულ მომლოდინე მზერა...
Комментариев нет:
Отправить комментарий