დილის 6 საათზე, ძილგატეხილი თავის ლოგინზე წამომჯდარი, ოთახის ერთადერთი “ფორთოჩკიდან” გაჰყურებდა “პანორამასავით აკრულ” ერთ ხედს: მხოლოდ მანქანების და სახლების მწკრივი რომ ჩანდა…უყურებდა ყოველ დილას, რადგან იცოდა, რომ მის იქით ზღვა იყო... ზღვა ხან ლურჯი, ხანაც კი ძალიან შავი...
გარეთ ისეთი ქარი იყო, კიდევაც გაიფიქრა: კარგია დიდი ფანჯრები არ არის, თორემ შემოლეწავდა მინებს, “შემოვარდებოდა თუთასავით” და “ხელს კი არ შემომხვევდა წელზე”, მიმანარცხებდა კედელს ძლიერად… ”ჩვენი სამყარო” ამ ქართან ერთად ისე ჩქარა ტრიალებდა, მზე ღრუბლებში ხან იმალებოდა, ხან გამოჩნდებოდა, ისე იყო, თითქოს ოთახში ვიღაც განგებ შუქის ასანთებს ათამაშებდა…
თუმცა, ამ ქარბუქში, არეულ ამინდში, გაბობოქრებული ზღვის ხმა მასთანაც აღწევდა... გულით უნდოდა იმ წუთას იქ, ნაპირზე მდგარიყო… როგორი დიდი ტალღები იქნებოდა, წარმოდგენაშიც კი შურდა… შურდა იმათიც, ვინც მის სიახლოვეს იყო, შურდა იმ ქვების, კენჭების, სილის, რომლებიც ნაპირზე ეყარა და “გრილდებოდნენ, იხრჩობოდნენ, გორაობდნენ, ერთმანეთს ეხეთქებოდნენ”, როცა ტალღა ზედ უვლიდა... მას მანიაკალური შეგრძნებები ჰქონდა ზღვის მიმართ, განსაკუთრებულად უყვარდა, აღელვებული ზღვის ხმაზე მშვიდდებოდა… და ყოველთვის ახსენდებოდა სიტყვები: ”ზღვა მაინც შემიბრალებს, ის ხომ თვითონაც დაღლილია და ვერ დაუძინია…
40 წელზე
მეტი გავიდა რაც ცხოვრობს, რაც ცდილობს, რომ იცხოვროს, საკუთარი სახელით რაღაც სასარგებლო
დატოვოს წასვლამდე... მოსწონს ის სახელი, რომელიც ჰქვია, მაგრამ მასში ჩადებული გენეტიკური
კოდი, რომელიც დედის დედისგან ერგო, მუდამ თან დაჰყვება. ბებიამ ერთ დღეს სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი უკანონოდ ჩასახული შვილიშვილის,
ახალი სიცოცხლის დაბადება სირცხვილად მიიჩნია. საკუთარ შვილს სიყვარული ვერ აპატია...
რატომ დაარქვა
დედამ ის სახელი თავის ერთადერთ შვილს, რომელიც მუდამ წარსულს გაახსენებდა? არც თვითონ
და არც მის შვილს არ გაუხარიათ წარსულის და წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის შემდეგ...
ბავშვი, რომელიც ჯერ ბებიასთვის და მერე საზოგადოებისათვის მიუღებელი იყო, სულ პატარა,
7 წლის ასაკში დედის გარეშე დარჩა, რომელიც დღემდე ძალიან ენატრება და ძალიან სჭირდება.
რატომ არ გაუფრთხილდა საკუთარ ჯანმრთელობას? რატომ არ ეცადა ცხოვრების თავიდან დაწყება?
ის ხომ მის შვილს დააკლდებოდა და არავის სხვას...
კიდევ ერთი
მთავარი ფიგურა, რომელიც ქალის ცხოვრებაში გაელვებასავით ჩნდებოდა ყოველთვის - მამა
იყო... მამა, რომელიც მხოლოდ მეტრიკაში დარჩა და არის სახელად, სხვა მასთან არასოდეს
არაფერი აკავშირებდა. არ იცის კაცი ფიქრობდა თუ არა იმ ბავშვზე, რომელიც იცოდა, რომ
მისი შვილი იყო და არსებობდა იმ ქალაქში, სადაც თვითონაც ცხოვრობდა...
ახსოვს,
რამდენს წერდა მამაზე, უნდოდა ერთ დღეს მოსულიყო და წაეყვანა იმ სახლიდან, სადაც მხოლოდ
ვალდებულების გამო აცხოვრებდნენ, სადაც დედა გარდაიცვალა, სადაც თვითმკვლელობის რამდენიმე
მცდელობა ჰქონდა, სადაც ბაბუა ცხოვრობდა და იტანჯებოდა თავისი ტრაგიკული ცხოვრებით...
ის კი არ მოდიოდა, მას სხვა ცხოვრება ჰქონდა, სხვა შვილებს ზრდიდა და შემთხვევით ქუჩაში
შეხვედრილ საკუთარ, მიტოვებულ შვილს ვერ ამჩნევდა, რომელიც მისი მოსვლის იმედით ცხოვრობდა...
წლები გადიოდა,
იზრდებოდა, სამყაროს ერწმოდა და თავის დამკვიდრებას ცდილობდა... არც თუ დიდმა, ოჯახი
შექმნა, მომავალი ცხოვრების თანამგზავრად ჭკვიანი, ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდა
კაცი შეარჩია. ჰო, შეარჩია, რადგან სიყვარულისგან შორს იყო ის მცირეხნიანი ურთიერთობა,
რაც მათი ოჯახის შექმნით დასრულდა...
თითქოს რაღაც
კალაპოტში ჩაჯდა ქალის ცხოვრებაში, საკუთარი თავის პატრონად იგრძნო თავი, ვალდებულებად
არსებობის პრობლემა მოიხსნა, შვილები გააჩინა, ქმარზე ზრუნავდა, სამაგალითო დედა იყო,
სამაგალითო ცოლად ითვლებოდა, ყველა მათ ცხოვრებას შენატროდა, ზოგს შურდა, ზოგს უხაროდა.
ისინი კი ცხოვრობდნენ ჯერ ერთ პატარა ბინაში, რომელიც ქალს დედისგან დარჩა, მერე დიდ
ბინაში გადავიდნენ. ყველაფერი საკუთარი შრომით შექმნეს... ჭკვიანი შვილები ჰყავდათ
და მიუხედავად პატარა თუ დიდი პრობლემებისა, მაინც ერთად იყვნენ...
რა მოხდა
ერთ დღეს, რატომ შეიცვალა ის გარემო და ატმოსფერო, რომელიც რუტინასავით იყო აწყობილი?
ალბათ დგება
ადამიანის ცხოვრებაში ერთი დღე, ან ერთი საათი, ან წუთი, რომელიც ცვლილებებს ითხოვს
შინაგანად, პროტესტს იწვევს ის რუტინა, რომელიც ყოველდღიურობით აისახებოდა მის ცხოვრებაში...
იქნებ იმ სოციალური პრობლემების ფონზე გაჩნდა, რომელიც სულ წესრიგში არ არის? იქნებ
იმით დაიღალა, რომ სულ მისი მოსაგვარებელი იყო პატარა და დიდი პრობლემები? იქნებ უნდოდა,
რომ მასზეც ისე ეზრუნათ, როგორც ის ზრუნავდა მუდამ სხვებისთვის?
ის ერთი
დღე, როცა სამყაროს და გარშემომყოფებს აუჯანყდა, ცუდად ახსოვს... უბრალოდ, ის არ ავიწყდება,
როგორ მოინდომა ახალი ცხოვრების დაწყება და უკეთესი კომფორტის შექმნა თავისთვის და
შვილებისათვის...
წასვლა გადაწყვიტა,
ჭაობად ქცეული ქალაქიდან გაქცევა უნდოდა და წავიდა...
მუდამ აქტიური,
მოუსვენარი, მხიარული ახალგაზრდა ქალის თვალებში, არავის არასოდეს შეუმჩნევია დაბადებიდან
ჩაწოლილი დარდი, არავის უთქვამს არასოდეს, რა უხაროდა, რა სტკიოდა და რატომ... იქნებ
ამიტომაც გაიქცა და გაერიდა ყველას... საცხოვრებლად ზღვისპირეთი აირჩია, მის ხასიათში
ჯდებოდა ხან აბობოქრებული და ხანაც წყნარად მოლივლივე ზღვა... მასთან ყველაზე გულახდილად
საუბრობდა, მხოლოდ ზღვა ხვდებოდა, როგორი იყო იმ დღეს, როცა მის სანაპიროზე იჯდა და
ფიქრებით გამოტენილ თავს მას ანდობდა...
ფიქრები
ფაქტიურად ერთნაირი ჰქონდა და ყველაზე მეტად, რაც მათში ბუდობდა და რასაც ვერასოდეს
ეგუებოდა, შვილებისგან შორს ყოფნა იყო, დღემუდამ იმაზე დარდობდა, რომ ვერ წამოიყვანა
და წლები შეალია ახალი ცხოვრების დაწყებას... იცის, რამდენმა მიაყოლა წიხლი მის წასვლას,
რამდენმა გაიხადა სალაპარაკო თემად და საჭორაოდ... ჯერ ადარდებდა ზურგსუკან მიყოლილი
ხმები, ტიროდა, განიცდიდა, მაგრამ პასუხი არავისთვის გაუცია... უბრალოდ მიდიოდა, ფეხის
აწყობას ცდილობდა, უცხო გარემოს ეგუებოდა, სადაც ბევრი წინააღმდეგობა ხვდებოდა და მიზანი
ერთი ჰქონდა, შვილებისთვის ეცხოვრა, მათ შემორჩენოდათ დედის სახელი უმწიკვლოდ... საკუთარი
დანაშაულის შეგრძნებაც არასოდეს დაუკარგავს, არსად დაუტოვებია და არავისთვის მიუბარებია,
თვითონ ატარებდა პატარა სუსტი მხრებით...
ახლა ზის
იმ ერთადერთ მორყეულ სავარძელში, რომელიც მხოლოდ მას ემსახურება და მის გარდა სხვა
არ არის ოთახში და წერს თავის ცხოვრებაზე, რომელზეც ყოველღამე ფიქრობს... ცხოვრობს
იმ პატარა ოთახში, რომელიც მისი დროებითი საცხოვრებელია და იცის, თუ აქედან გააღწია,
აუცილებლად წავა, სხვა ქვეყანაში დაიდებს ბინას, იქნებ იქიდან მაინც შეძლოს თავისი
ოცნებების ასრულება... ერთიც კარგად იცის, არ უნდა სხვის სახლში ნახონ მკვდარი, ამიტომ
თავისი პატარა კუთხე უნდა, მისი კუთვნილება, სადაც გზააბნეულ შვილთან ერთად იცხოვრებს,
რომელსაც დედის გარეშე უჭირს ცხოვრების გაგრძელება...
კიდევ ბევრს
იტყოდა და დაწერდა თავის ცხოვრებაზე, ამოუწურავია განვლილი და მასზე მეტიც შეიძლება
იყოს მომავალი, მაგრამ დღეს სხვას არ შეეხება.
ის სხვა, სხვა დროს იყოს...
ერთადერთი,
რაც მისი საკუთრებაა და ვერავინ წაართვა -
სიჯიუტეა, რაც აცოცხლებს და რამაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა გზაზე დააყენა
და ახლა ერთი რამ მოსწონს მხოლოდ, რომ გადაღლილ აზრებში, არც წარსული და არც მომავალი
აღარ რჩება კითხვის ნიშნებით...
Комментариев нет:
Отправить комментарий