ყველა რაღაცით კარგისკენ მიისწრაფვის, ყველა მრავალფეროვნებას არის შეჩვეული, ყველას საკუთარი თავისთვის კარგი უნდა. ამაში ვერავინ შემომედავება.
სუბიექტურობა პირველადი გამოცდილებაა, რომელზეც ჩვენ მოგვიანებით ობიექტურობას დავაშენებთ ხოლმე.
არსებობს ფაქტორი “მინდა” და რას ვაკეთებთ ამ “მინდასთვის”. არ ვკონკრეტდები, რადგან ამას გასაქანი შორს, დაუსრულებლად აქვს. დაუსრულებლად გავლებულ ხაზს ჰგავს, რომელსაც მივსდევთ, ვცდილობთ და შედეგს დროდადრო ვხედავთ. ხანდახან ადამიანები ბევრ რამეზე ვაგვიანებთ, რაღაცეებს გვიან ვხვდებით, როცა უკვე აღარაფერი ეშველება, თუმცა დასაწყისშივე შეიძლება ვიცოდეთ საბოლოო პასუხი. იმდენად გვჯერა საკუთარი თავის, რომ ამას ბოლომდე მივყვებით, მაგრამ გამართლება 50/50-ზეა. ყველას ვერ გაუმართლებს, ყველა კარგად ვერ იქნება. ნებისმიერი ადამიანი წინ საკუთარ “მე”-ს აყენებს, შემდეგ სხვას...
მე ხშირად მიჩნდება კითხვა “ვინ ვარ?”
სიცოცხლე სუბიექტური გამოცდილებაა და ამისაგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ყველა ე.წ. ობიექტური შეხედულება, მხოლოდ ჩემი აღქმის მიერ გადღაბნილი რეალობაა — ძალიან რთული წარმოსადგენია არა? ყველაფერი გარშემო, ნულიდან უმაღლეს ნიშნულამდე ჩემი დამოკიდებულებებით, შეხედულებებით, რწმენით და აღქმით არის აშენებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სამყაროს ბინადარი მხოლოდ მე ვარ, რადგან ყველა სხვას ასეთივე სამყარო აქვს, მათივე გამოცდილების საფუძველზე აშენებული. ჩემს მიერ აგებული რეალობა იმ წიგნების ნაყოფია, რაც წავიკითხე, იმ თავგადასავლების შედეგია, რაც გადამხდა, იმ ემოციების შვილია, რაც განვიცადე, იმ ადამიანებით გამოწვეული შთაგონებაა, რომლებიც შემხვდნენ, იმ ოჯახის გავლენაა სადაც აღვიზარდე. ეს ნიშნავს, რომ მე არასოდეს შევხედავ სამყაროს ზუსტად ისე, როგორც ვინმე სხვა უცქერს მას. ამიტომ გარე დამკვირვებლებს არ უნდა მივცე გავლენის მოხდენის უფლება იმაზე, ვინც მე ვარ და რომელი ცხოვრებაა ჩემთვის მეტად შესაფერისი.
ერთის მხრივ ბანალურია, მაგრამ ადამაიანი, რომ ვარ, რომ ვსუნთქავ და მსგავსი სისულელეები, ისედაც ვიცი. უბრალოდ ვეძებ სხვა პასუხს, ნეტა მარტო მე ვარ ასე? თქვენ არ გაგჩენიათ მსგავსი კითხვა? სამწუხაროდ პასუხი ჯერ არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ზემოთ, რომ არ ნდომოდა, აქ არ ვიქნებოდი, ვერც თქვენ წაიკითხავდით ამას, მაგრამ რატომ?! რა დანიშნულებით?! ვინ ვართ ჩვენ?! რა გვინდა და საით მივექანებით?! გიფიქრიათ ამაზე? თუ ჩვეულებრივ უაზრო პასუხებით შემოიფარგლებით, რაც ჩემთვის მიუღებელია! სახალხოდ ყველა კეთილია, ნიღბის ტარება კი მოდაში შემოვიდა. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, 24 საათი კრიტიკით ვკვდებით.
განა რა არის ადამიანობა?! რა დატვირთვა აქვს ვიყოთ ადამიანები?! ყოველდღე გავდივარ გზას და ადამიანების გარდა ყველაფერს ვხედავ, ხანდახან მცნება “ადმაიანიც” კი მეზიზღება საკუთარ თავთან ერთად. ვიცით რა არის ცუდი და რა კარგი! მივდივართ კარგისკენ, ბოლოს აღმოვჩნდებით არასაჭირო დროს, არასაჭირო სივრცესა და გარემოებაში... ჩემთვის ეს ყველაფერი, ილუზიაა. ილუზია, სადაც თითოეული თავის ილუზიას იქმნის და გადის მთელი ცხოვრება ამ ბილიკს. ბედნიერი დასასრული არ არსებობს! ან საერთოდ რას ეძახით “ბედნიერ” დასასრულს?! დავიჯერო ზღაპრების ისევ გჯერათ?! მიზანს მიაღწევ, აისრულებ, მაგრამ ყველა ადამიანს ერთი ბოლო აქვს. ადრე თუ გვიან ყველა წავალთ და რა დარჩება?! მომავალი გასაზრდელი თაობა, რომელიც ისევ გვიან მიხვდება ამ ცხოვრების “შინაარსს"... ისტორია კი ისევ გააგრძელდება და დაიწერება...
Комментариев нет:
Отправить комментарий