მე თავს უფლებას მივცემ თქვენის ნებართვით და ცოტა მეტს ვიტყვი იმ ქალაქის შესახებ, სადაც ჩემი განვლილი ცხოვრების უმეტესი წლები გავატარე. http://batumelebi.netgazeti.ge/news/121020/
საბაგირო გზების ავტორი, დამპროექტებელი და სულის ჩამდგმელი - გიორგი (ჟორა) ფანცულაიაა.
ჟორა ბაბუ, რომელიც ჩემი მეზობელი იყო და საკუთარი შვილიშვილივით ვუყვარდი და სამსახურიდან დაბრუნებულს, მუდამ მოჰქონდა ტკბილეული ჩემთვის. ხშირად, კვირაში რამდენიმე დღე მასეირნებდა თავისი შექმნილი საბაგიროებით. თავიდან ქალაქში საბაგირო გზის სამი მარშრუტი იყო, ერთი სადგურიდან ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით სამი საბაგირო ვაგონი მოძრაობდა. ჭიათურელებისთვის ეს ტრანსპორტი ძალიან ხელსაყრელი იყო, როგორც ფასით, ასევე მარტივად გადაადგილების მხრივაც. გარდა ამისა, ერთი სიამოვნება იყო, ზემოდან გადაგეხედა მთელი ქალაქისთვის და ნაცნობი ადგილების ძიებაში გაგეტარებია მგზავრობის რამდენიმე წუთი.
დღეს
(უკვე ერთ წელზე მეტია)
ეს საბაგირო სადგური აღარ არსებობს, განახლების პროცესშია, როგორ ერთი წლის წინ მითხრეს და როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს.
თუმცა, ჩემთვის მტკივნეული აღმოჩნდა იმ ადამიანის გვერდის ავლით საუბარი, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია ამ იაფი და მაშინ იშვიათი ტრანსპორტის შექმნას. იმედია, ქალაქი გაითვალისწინებს ჟორა ბაბუს ღვაწლს და ახალ სადგურს დაუბრუნებს მისი სახელობის მემორიალურ დაფას.
რაც შეეხება იმ საბაგირო გზებს, რომლებიც სურათზე ჩანს და რომელიც უფასოა, ძირითადად ემსახურება მაღაროს მუშებს და ამიტომაც ფინანსდება "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღაროების და კარიერების მიმდებარედ სოფლები მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობაც სარგებლობს უფასო ტრანსპორტით.
რაც შეეხება დაცარიელებულ ქალაქს და ბინების ფასს...
იაშვილის ქუჩაზე (ქალაქის ცენტრში), სადაც მე ვცხოვრობდი, ჩემი ბინა თავის დროზე კი შევიძინეთ
(ერთი კორპუსიდან მეორეში გადასვლით)
3 700 დოლარად, მაგრამ 2010 წლისთვის მისი ფასი 25 000 დოლარამდე იყო ასული. გპირდებით, აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას და გავიგებ მის დღევანდელ ფასს, მაგრამ არამგონია, ასე ძალიან იყოს დაწეული. ხოლო, ნინოშვილის ქუჩა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, ბინების ფასის კიდევ უფრო სიძვირით გამოირჩეოდა ყოველთვის.
ხუთ სართულიანი კორპუსები, გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული და როგორც მახსოვს, პროექტის ერთ-ერთი ავტორიც თვითონ გერმანელი იყო.
ეს კორპუსები დღემდე ინარჩუნებს სიმყარეს.
ქალაქის პერიფერიებში კი იქნება ის ფასები, რაც სტატიაშია მოყვანილი, ქალაქის შემოსასვლელში და გასასვლელში.
ქალაქი, რომ დაცარიელებულია ფაქტიურად და ეკოლოგიური კატასტრობის წინაშე დგას, ამაზე დავას ნამდვილად არ ვაპირებ. თუმცა, იყო დრო, თუნდაც ჩემს ბავშვობაში, როცა ყვაოდა ეს პატარა სამრეწველო ქალაქი.
დღეს დაბინძურებულ მდინარეში, რომელიც მაშინ ანკარა წყაროსავით მოდიოდა, ნავები დაცურავდნენ, თევზიც ბევრი იყო და თან უვნებელი. ქალაქის რეკრეაციულ ზონებში, ხეებზე ფარშევანგები და ციყვებიც მახსოვს, მიხაროდა მათი დანახვა. გედების ტბა, შვლის ნუკრი, ატრაქტიონები და ა.შ. დღეს არაფერი აღარ არის, ქალაქი მარგანეცის ფერია და არავინ ზრუნავს მის "გაფერადებაზე". არადა, შესაძლებელი ხომ არის? თუ იყო მაშინ, ე.ი. შეიძლება მისი მდგომარეობის გამოსწორება.
დღეს და არც წინა წლებში (წინა ხელისუფლების დროს), ამ ქალაქისთვის, არც მთავრობას და არც სამრეწველო ობიექტს არაფერი შეუქმნია მის გასალამაზებლად და მოსახლეობისათვის პირობების შესაქმნელად. ნაციონალებმა კორპუსები შეღებეს, ააჭრელეს იქაურობა, ვითომ გააფერადეს გარემო, მაგრამ გულის შემაწუხებელი ფერებით. "ჯორჯიან მანგანეზი" დღესაც და წინა წლებშიც, მხოლოდ თავისივე ხელმძღვანელობის საბანკო ანგარიშების გაზრდაზე ზრუნავს. ათი ათასობით ხელფასი ხელმძღვანელებს (მმართველს კიდევ უფრო მეტი), ხოლო დაბალ რგოლში მომუშავეებს მაქსიმუმ 500 ლარამდე. მაღაროს მუშებს კი, რომლებიც ყოველგვარი უსაფრთხოების დაუცველობით მუშაობენ, გარდა დაბალი ხელფასებისა, ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ მუშაობისთვის. რამდენჯერაც პროტესტი გამოხატეს, ან მიგდებულ, მომატებულ 50 ლარს დაჯერდნენ და შევიდნენ უკან საწარმოში, ან პირდაპირ წაყენებული ულტიმატუმით შეაშინეს: "არ გინდა და არ გაწყობს? წადი, სხვა მოვა".
ქალაქის თავები - ქალაქკომის პირველი მდივანი, მერი და გამგებელი...
რატომ გავიხსენე ქალაქკომი... დიდი ღვითოები არც მაშინ იყო ბევრი, მაგრამ ამ პატარა ქალაქს ღირსეული მმართველებიც ახსოვს. მაგალითად: ქალაქკომის პირველი მდივანი პატარიძე.
სწორედ ამ კაცის მმართველობის დროს ყვაოდა ჭიათურა და მის შესახებ, დღესაც იხსენებენ უფროსი თაობის ხალხი. მეორე, იგივე პოსტზე თემურ გიორგაძე იყო, კომუნიზმის ბოლო კადრი. ძალიან გულისხმიერი პიროვნება იყო გიორგაძე და მაქსიმუმს აკეთებდა, რომ მინიმალური რესურსით შეექმნა რაღაც ქალაქში. ორჯერ შევხვდი მას,
პირველად, როცა სკოლაში შექმნილი ვითარების გამო მჯდომარე აქცია მოვუწყვეთ მეათე კლასის მოსწავლეებმა, რაზეც სასწრაფო რეაგირება მოახდინა, საქმე შეისწავლა და ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორედ ერთი წლის შემდეგ, ახალი წლის წინა დღეს, საახალწლო ნაძვის ხესთან, რომელიც ლენინის ძეგლის მაგივრად დაიდგა და რომლის გარშემოც ვხალისობდით ახალგაზრდები.
გიორგაძე მოვიდა და ჩვენი კმაყოფილებით ისიამოვნა. ამის შემდეგ
ჭიათურას
ნორმალური
მმართველი
აღარ
ახსოვს.
ნამდვილად არ მახსენდება და მიკვირს კიდეც, რატომ არ მახსოვს, ქალაქის რომელი თავის წინააღმდეგი წავიდა ჭიათურის მოსახლეობა, მაგრამ საჩხერელი ივანიშვილი გვყავდა (ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი), რომელსაც თვალები გაქცევაზე ჰქონდა და ადგილობრივების მდგომარეობაზე, რატომ
შეიწუხებდა
თავს?!
90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის მოსახლეობა გარე
ვაჭრობით და მცირე მეწარმეობით ირჩენს თავს.
მათთვის საგადასახადო სისტემა მუდამ იყო
„ყელში წაჭერილი თოკი“ და დღესაც ასეა. ყველა ხელისუფლება თანდათან ექაჩება ამ თოკს და
რა გასაკვირია, რომ ჭიათურა თითქმის დაცარიელდა.
უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ნაწილმა კი, ვინც ცოტა თანხის მოგროვება
შეძლო, დიდ ქალაქებს შეაფარა თავი.
ყველაზე მტკივნეული, რაც ამ პატარა ქალაქს მუდამ თან
ახლავს, ავადმყოფობების ზრდის მაჩვენებელია.
დაავადებულთა უმეტესი ნაწილი ონკოლოგიური ავადმყოფია და ქალაქის კატასტროფული
ეკოლოგიური მდგომარებიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად განვითარებადია. სწორედ ამიტომ რიცხობრივად, საქართველოს მოსახლეობის
ონკოლოგიური ავადმყოფების რიცხვი, ზემო იმერეთის
ამ რეგიონში ფიქსირდება. ამიტომ, თუ ჭიათურის
მდგომარეობით სულ ცოტა მაინც არ შეწუხდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქს მხოლოდ საბოლოო გაქრობა ემუქრება, რაც არამგონია ხელსაყრელი იყოს ვინმესთვის, მაშინ,
როცა ევროპისკენ მივაქანებთ საქართველოს - თავის რეგიონებიანად.
ჭიათურა, თვითონ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია თავისი ასაკით. ამ ქალაქს იმდენი ღირშესანიშნაობები აქვს და მის მიმდებარე სოფლებში, იმდენი კულტურული მემკვიდრების ძეგლი დგას, ბევრ სხვა ქალაქსაც გაეჯიბრება, თუ მოინდომა და საჭირო გახდა. მსოფლიო აღიარების "კაცხის სვეტი"
გადაწონის საქართველოს ბევრ სხვა ღირებულებებს, რომლის სანახავადაც ჩამოდიან ჭიათურაში ტურისტები, როგორ უხცოელი, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. იშვიათია ეკლესია-მონასტერი კლდის ჭრილში და ერთ-ერთი ჭიათურაში, მღვიმევის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერია, თავისი განუმეორებელი ხიბლით და იდუმალებით.
საშევარდნოს კლდე, რომელიც მუდამ იზიდავდა მნახველს
და კიდევ ბევრი და ბევრი...


Комментариев нет:
Отправить комментарий