წერის დაწყებამდე დავფიქრდი...
ვარ თუ არა შემწყნარებელი
ბუნების მქონე ადამიანი?
ვაკეთებ იმას, რაზეც მუდმივად
მოვუწოდებ შვილებს, მეგობრებს, ნაცნობებს ან უცნობებს?
“მოექეცი სხვას
ისე, როგორც
გინდა, რომ
მოგექცნენ შენ!”
ალბათ ვარ, ან იქნებ არც
ვარ, ან კიდევ ვარ და მხოლოდ ნაწილობრივ?
შემწყნარებლობა ანუ მისი დღევანდელი ყბადაღებული უცხოური
ინტერპრეტაცია - ტოლერანტობა...
არ მინდა ვიყო ტოლერანტული, მინდა ვიყო შემწყნარებელი, მიმტევებელი და რატომ...
1995 წელს, პარიზში ხელმოწერილ იქნა ტოლერანტობის პრინციპების
დეკლარაცია, მის თანახმად ტოლერანტობა - ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების,
თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა
პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა."
სჭირდებათ ქართველებს უცხოური სიტყვები, მაშინ,
როცა მათი შემწყნარებელი ბუნება საკმარისია იმისთვის, რომ საუკუნეების განმავლობაში იცხოვრონ ეთნიკურად სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან
ერთად? რად უნდათ ქართველებს უცხო სიტყვები, როცა მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების გვერდით, ერთი ხელის გაწვდენაზეო რომ იტყვიან - მეჩეთი, სინაგოგა, კათოლიკური თუ სომხური ეკლესიები დგას?
ჯერ კიდევ სად იყო შემწყნარებლობის ინტერპრეტაციები, როცა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 19 საუკუნის 60-70 წლებში იბეჭდებოდა სტატიები ისეთი აქტუალური პრობლემების შესახებ, როგორიცაა
კანონის წინაშე თანასწორობა, ანტისემიტიზმი, ქალთა ემანსიპაცია, რელიგიური და ეთნიკური
უმცირესობების უფლებების დაცვა, სეკულარიზაცია. ან მაშინ სად იყო, როცა ქართველი მწერლები და პოეტები თავიანთ შემოქმედებაში
ადამიანებს თანასწორობას ასწავლიდნენ და მათ შემოქმედებაზე გაზრდილ ერს, რატომ უნდა სჭირდებოდეს უცხოური სიტყვის გამოყენება
ურთიერთგაგებისთვის?
ტოლერანტობა და უცხოს პატივისცემა ქართულ ლიტერატურაში
ჯერ კიდევ მაშინ ჩნდება, როცა ქართლში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად ცხადდება. ქრისტიანულმა კულტურამ შეიწყნარა წარმართული საკულტო
სიმბოლოები: მზე, ვაზი და სხვ. ისინი ახლებური შინაარსით აავსო _ ღვთის აღმნიშვნელად
(სიმბოლოდ) აქცია. აგრეთვე ქართული ხალხური
სიმღერისა და ქართული გალობის სტილისტური მსგავსება. გავიხსენოთ ერთი ხალხური ლექსი: “ყველა ადამის შვილი
ვართ, / თათარიც ჩვენი ძმა არი. / ჩვენსა და სომხებსა შუა / განყოფილება რა არი? /
თუ ქალი გეტყვის დობასა, / ის უკეთესი და არი…” მოყვანილ ტექსტში თანაბრად არის დოზირებული
როგორც ეროვნული, ასევე რელიგიური ტოლერანტობა და გენდერული თანასწორობის იდეა.
აღორძინების ხანაში დაიწერა პოემა, რომელიც სახარების
შემდეგ საქართველოში მეორე სამაგიდო წიგნია. პოემაში, სადაც მეგობრობა და ძმადნაფიცობა სამი სხვადასხვა
ეროვნების გმირებისათვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა და არც საზღვრებია დაწესებული
მოვლენების გასავითარებლად.
ყველა ერთად აღებული და განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას
შემოქმედების ძირითადი ნაწილი ხომ სწორედ ამ ტოლერანტობას გვასწავლის საუკუნეზე მეტია.
„დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა!“
- ვაჟას გმირის ჯოყოლას ეს სიტყვები, მხოლოდ
ქართული ადათ-წესის ნაწილი არ არის, ჯოყოლა
ამ შემთხვევაში, ჯერ პიროვნებაა, თავისუფალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და მიუხედავად
იმისა, რომ მის წინაშე, მისსავე სახლში მტერი ზის სხვა რჯულის და რელიგიის,
ის მისი სტუმარია და მის მიმართ შემწყნარებლობა მასპინძლის ვალდებულებაა...
შემწყნარებლობას ადამიანი ვერ ისწავლის, ეს მის ხასიათში, ბუნებაში უნდა იყოს თანდაყოლილი. ან თუ ისწავლის, აუცილებლად დაარღვევს ერთ დღეს მაინც, რადგან სისხლში არ აქვს გამჯდარი მისი მნიშვნელობა
და არსი...
ვაჟა-ფშაველა კი თვითონ იყო ბუნებით შემწყნარებელი და
მას ჰქონდა უფლება ერისთვის სასწავლებლად დაეტოვბინა „სტუმარ-მასპინძელი“ იმისათვის, რომ თუ ერი შეძლებს
შემწყნარებლობის შესისლხორცებას, მაშინ მის
არსებობას აზრიც აქვს და არსებობის გაგრძელების უფლებაც...
სულ რამდენიმე თვის წინ წაკითხული ერთი ლამაზი რომანი
მინდა გავიხსენო კიდევ...
ყურბან საიდის პოპულარული აზერბაიჯანული რომანი „ალი და ნინო“. ქართველი მკითხველის აზრის გაყოფის შემდეგ გამიჩნდა
სურვილი წამეკითხა ეს ნაწარმოები. ზოგმა იგი
ზღაპრად მონათლა, ზოგმა უნიჭო ნაშრომად შერაცხა, ზოგმა კიდევ რა თქვა და... მე მრავალი წიგნის წამკითხველს,
ძალიან მომეწონა. იქნებ მე დავინახე იქ ის, რაც სხვებს უბრალოდ არ სურდათ, რომ დაენახათ?
აზერბაიჯანელი მწერალი, არა მხოლოდ
საკუთარი ერის ღირსებებს ამჟღავნებს მასში,
არამედ, ქართველთა კულტურულ ღირებულებებსაც
უსვამს ხაზს და რამდენად უნდა აფასებდე უცხო მწერალი სხვა ერის
ტრადიციებს და რამდენად შემწყნარებელი უნდა იყო,
რომ შენი ერის ღირსეულ შვილს სწორედ იმ, სხვა ღირებულებების მატერებელი ერის
შვილი შეაყვარო, გვერდით ამოუყენო და მათგან
საოცრად შეყვარებული წყვილი შექმნა...
ქართველი თავადის ასული, ულამაზესი ნინო და არისტოკრატული
ოჯახის შვილი, აზერბაიჯანელი ვაჟკაცი ალი, რომელთა ურთიერთობას და სიყვარულსაც სწორედ შემწყნარებლობამ
დაუდო საფუძველი. პერსონაჟები, რომლებსაც რელიგიაც სხვადასხვა აქვთ, ენაც, კულტურაც
და ადათ-წესებით, არასოდეს გრძნობენ ერთმანეთისგან
განსხვავებულობას. არასოდეს აიძულებენ ერთმანეთს
არც რჯულის, არც ტრადიციების და არც ბევრი სხვა მათთვის, თითოეულისათვის დამახასიათებელ
წესების და თვისებების ათვისებას. მათი შემწყნარებლური
დამოკიდებულება საფუძველს უდებს ჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებას. ეს ერთი, ასე ვთქვათ ლამაზი რომანი ამბობს, რომ სიყვარულს არც საზღვრები აქვს და არც წესები, არც
მოვალეობები და უბრალოდ არის ის, რაც შეყვარებულმა ადამიანებმა შექმნეს ერთმანეთისათვის...
მე არ ვარ ევროპელი და არც აზიელი... მკითხველი ან მსმენელი ალბათ იფიქრებს, შენ საერთოდ უცხოპლანეტელი უფრო ხარო, მაგრამ - მე კავკასიელი ვარ, ქართველი, რომელსაც შემწყნარებლობის დიდი ისტორია აქვს და სიტყვა ტოლერანტობის გარეშეც გაიარა ცხოვრების თითქმის ნახევარი... არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ჩემი მეგობარი მართლმადიდებელია, კათოლიკე თუ მუსლიმი. მთავარია, ერთმანეთის გვესმოდეს და გაუგებრობამდე არ მივიდეს ჩვენი ურთიერთობები... უბრალოდ და მარტივად შეიძლება ვიცოდეთ, რომ შემწყნარებლური საზოგადოება შემწყნარებელი ინდივიდებისაგან შედგება.
ეს საზოგადოება თავის მხრივ, განათლებული საზოგადოებაა, რომელიც პატივს სცემს საზოგადოებაში
შემავალ თითოეულ ინდივიდს და აღიარებს მას, როგორც საკუთარი მე-ს, აზრისა და ამ აზრის
გამოხატვის ავტონომიურობის მქონეს, რომელიც მხოლოდ ამრავალფეროვნებს ცხოვრებას, რომელიც
ბუნებით მრავალფეროვანია და მისი შავ-თეთრად წარმოდგენა, მხოლოდ ილუზიაა და ეწინააღმდეგება
იმას რაც არის. თუმცა, შეიძლება სამყარო რეალურად
ცოცხალ ორგანიზმთა თვალის შესაძლებლობებისგან დამოუკიდებლად შავ-თეთრია, მაგრამ ცხოვრება,
სიცოცხლე - მრავალფეროვანია.
Комментариев нет:
Отправить комментарий