суббота, 22 октября 2016 г.

სხვა ქალაქი...

სხვა ქალაქი – დადუმებული და სახე-ახეული...
წელიწადის ამ დროს დუმილის რეჟიმში გადადის ქალაქი, რომელსაც სხვადასხვა სახელი დაერქვა წლების განმავლობაში: სამრეწველო, მშენებარე, ქათქათა და საკურორტო...




აფხაზეთის დაკარგვამ, შავი ზღვის სხვა სანაპირო ზოლებიც გამოაჩინა დასასვენებლად, გასარუჯად, სხვა ტრადიციების გასაცნობად, რაც მინიმუმამდე იყო დაყვანილი რამდენიმე ათეული წლის წინ...
ახლა ყველა ცდილობს ესტუმროს გურიიდან მოყოლებულ ზღვის ზოლს და თანდათან გახდა მოდური გრიგოლეთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი და ბათუმი, ბათუმს იქით უფრო პრესტიჟული ადგილები სარფის საბაჟომდე...
აღნიშნულ ტერიტორიებზე გამრავლდა სასტუმროები და კვების ობიექტები, წლებმა ფასების მატებასაც შეუწყო ხელი...
კარგია განვითარებული, ერთ დროს ნაკლებად მონახულებადი საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ ეს აფხაზეთის დაკარგვის ხარჯზე განვითარდა...
საინტერესოა, რა ხდება ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ?! ამას, მხოლოდ აქ მცხოვრები თუ დაინახავს, თუმცა, ისიც საკითხავია, რამდენად იმჩნევს დანახულს...
მე მიყვარს წყნარი ადგილები,  მშვიდი ქალაქი, მეტი ჟანგბადი და თავისუფალი გასავლელი-ჩამოსაჯდომი... ანუ, გამოდის, რომ სეზონურად ახლა ჩემი დროა...
მაშინ რა გინდა, რა გაწუხებს ან რა არ გაკმაყოფილებს "შენს" ქალაქში - იკითხავს მკითხველი...
საინტერესოა, უნდა მაკმაყოფილებდეს მიტოვებული კაფე-ბარების ნარჩენები?! უნდა მომწონდეს დაბინძურებული სანაპირო ზოლი?! კარგი სანახავია გასასეირნებელი მოედნის დამტვრეული ფილები, რომ ქვიშით დამალეს, რომელსაც წვიმა აატალახებს?! უნდა მიხაროდეს მე როგორც მომხმარებელს, ისევ მოშლილი ველო-ტერმინალები და დანჯღრეული ველოსიპედები?!
იქნებ უფრო იქით, ქალაქის ცოტა უფრო ცოცხალ ნაწილში დარჩენილი გადათხრილი ქუჩებით უნდა ვიამაყო, რომლის თავზეც ამაყად ფრიალებს საარჩევნო, წვიმისგან და მზისგან გაუბედურებული საარჩევნო ბანერები?!
ამ ქალაქში, დღეს, მხოლოდ ახეული სახეები დარჩა ყველა კედლიდან მომზირალი საარჩევნო პლაკატებიდან, მთელი წელი, რომ უნდა უყურო და ზოგან მთელი ცხოვრებაც, უფრო მყარად მიწებებულს...


წასული დამსვენებლისთვის შეუმჩნეველია, რა მდგომარეობასაც განიცდის "ქათქათა" ქალაქი ტურისტული სეზონის დამთავრების შემდეგ.  მათ შემდეგ ზაფხულზე ისევ აჟრიამულებული ქალაქი დახვდებათ და ისევ ცენტრალურს ზემოთ გადათხრილი ქუჩებით, მაგრამ მაინც იმარიაჟებენ აქ ყოფნით, ერთმანეთზე და სელფით გადაღებული სურათებით და მხოლოდ საკუთარი ქალაქის პრობლემები შეაწუხებთ, იმ ათი დღის იქით...
რატომ ხარ სულ უკმაყოფილო?! რატომ არ გინდა პოზიტივის დანახვა?! როგორ არ ვხედავ, აგერ მტრედი დაგოგმანობს ჩემს წინ, ნაგვით სავსე სანაპიროზე, საკვებს ეძებს... იქით, თეთრ იახტაზე, თეთრ სადედოფლო კაბიანი და შარვალ-კოსტუმიანი წყვილი დაცურავს ზღვაში - სეფაში დაჯდომამდე... მეთევზეები ისევ თევზაობენ, უშველებელი ლაინერები დგანან აკვატორიაში და ა.შ.
მაგრამ თოლიები არ ჩანან არსად... ალბათ ისინიც გაბრაზებულები და ნაწყენები არიან მათი სამფლობელოს უსუფთაობის გამო...
რა ვქნა, გავჩუმდე?! იყოს, მხოლოდ მე ვხედავ?!
დუმილი, კიდევ უფრო აახევს სახეს ქალაქს, რომელიც გვინდა, რომ ასე გვემაყებოდეს უცხოელ ტურისტებთან...


Комментариев нет:

Отправить комментарий