суббота, 22 октября 2016 г.

მე დავიბადე...


დღეს უსაშუელოდ ვარიგებ სიყვარულს... <3
რაზე ვფიქრობ?!
ზღვის ნაპირზე რაზე უნდა იფიქროს ადამიანმა?!
იქნებ მითხრათ: რა გინდა მანდ იუბილარს?!
არა ვარ დღეს არავისთვის და არაფრისთვის (ფიზიკურად), ხმაური არ მიყვარს, არც ამ დღის აღნიშვნა ტრადიციულად, მე ახლაც ჩემებურად ავღნიშნავ ამ დღეს...
ზღვა მშვიდია დღეს, არ ღელავს, არც აპირებს და იცით, რატომ?! ჩემს პოზიციაზეა... რაღაცნაირი და რაღაცნაირად...
"მე დავიბადე ოქტომბრის თვეში,
როცა ფოთლები სცვიოდა ხეებს"...



43 წლის წინ, ერთი ციდა გოგონა, ჯიუტად გაჩნდა დედამიწაზე... ერთმა პატარა ბავშვმა, ბევრი რამ გადაიტანა... ერთი მოზარდი, ეგოისტი გოგო, ჯიუტად მიუყვებოდა ცხოვრების ბილიკებს... ერთმა პატარა ქალმა კი ცხოვრება, რამდენიმეჯერ დაიწყო თავიდან...
ჰო, დღეს უკვე 43 წლის ვარ, ისევ ჯიუტი, ისევ ცხოვრებასთან მებრძოლი, ისევ უცნაური, ხმაურიანი სტუდენტი... და რაც მთავარია, უკვე ულამაზესი პაწაწუნა ქალბატონის - მიაკოს ბებო, ცხოვრების და ჩემი სიცოცხლის მთავარი და მნიშვნელოვანი შენაძენით, შვილების შემდეგ, ვისთვისაც ღირდა მთელი არსებობის გადატანა, ვისთვისაც სიცოცხლეს დათმობ დაუფიქრებლად...

ხშირად მესმის:
"ყველაფერი უსაშველოდ იცი" - კი, მე უსაშველოდ თბილი ვარ მუდამ, უსაშველოდ მკაცრი, უსაშველოდ შეყვარებული და მართლაც უსაშველო მჭირს ყველაფერი... იქნებ დამღლელადაც, ან შემაწუხებლადაც, მაგრამ, მაშინ ხომ მე არ ვიქნებოდი ის მე, როგორსაც მიცნობ, როგორიც გიყვარს, როგორსაც ეჩხუბები, ჭკუას არიგებ, ცხოვრებას ასწავლი და ცდილობ მის დაბალანსებას...
მორატორიუმს ვაცხადებ ამ დღეს, ვემალები ყველას და ყველა მაგნებს... მოდის უამრავი მოლოცვა, ვიხდი უამრავ მადლობას... ხვალ კი 44 წელში გადასული, ჩვეული რეჟიმით გაგრძელდება ცხოვრება... ისევ ვიქნები სევდიანი, მხიარულიც, გაბრაზებულიც, მოსიყვარულე, ისევ დავწერ ყველაფერზე, რაც ჩემს გარშემო ხდება და მოხდება...

მადლობა ყველას, თითოეული სიტყვისთვის, ყველა ლამაზი ფოტოსთვის, წერილებისთვის, სატელეფონო ზარებისთვის და ა.შ. მიხარია, რომ ვუყვარვარ ადამიანებს, ყველას თავისებურად, მაგრამ მთავარია, რომ ეს ერთი დღე, ბევრ რამეს გაგრძნობინებს მათგან...
ლირიკულია, მაგრამ სხვანაირი არ გამოვიდა, მე ხომ ესეც უსაშველოდ მჭირს..

Комментариев нет:

Отправить комментарий