среда, 29 мая 2019 г.

მოდი და არ იფიქრო....

შენ მეუბნები: ნუ მეორდებიო, ნუ იხსენებ იმას, რაც იყოო...
აბა, რა არის ეს, დღევანდელი მდგომარეობა, თუ არა იმის განმეორება, რაც უკვე იყო?!
ახალი ტკივილი, აუცილებლად გახსენებს და გაკავშირებს ძველთან... შენ ხომ ასე ხარ ახლა, წარსული ვერ გადაშალე და გტკივა...
მე კი, ის განმიახლდა, რაც აქ წერია და რაც ორი წლის წინანდელია...

"ყველაფერი მეორდება... სულ ყველაფერი მეორდება... ტკივილი... ტკივილი... ტკივილი და… სიცარიელე... ბლა... ბლა... ბლა...
ისეთ ხასიათზე ვარ, წვიმაში წინ და უკან, უმისამართოდ ბოდიალზეც არ ვიტყოდი უარს... ჰოო... მე და ტკივილი ისე “დავძმაკაცდით” ასე მგონია ბავშვობიდან ვიცნობ...
ჯანდაბა!!!
დავიწყებასაც დავავიწყდი მგონი… ვიღაცის უხილავმა ხელმა
მოგონებათა ფირფიტა აამუშავა და...
ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალეებს...
ასე მგონია, მალე გული გამისკდება... მოდი და არ იფიქრო... შეიძლება ერთდროულად გამოცარიელებულიც იყო და სავსეც??? ყელამდე სავსე ვარ და უკიდურესობამდე ცარიელი... ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ... ღამით საკუთარ თავს ვუსმენ... ნეტავ არ შეიძლება გულს ცივი წყალი გადავასხა? ჩემი სურვილისგან განსხვავებით, საშინელ ტკივილს ვგრძნობ... ისევ და მაინც...
და... თუ დასასრული დასასრულია, რატომ არ სრულდება???
ისევ და ისევ და ისევ... სიტყვები იშვიათად... სიჩუმე ხშირად... ცრემლები არა ან ვერა ან... რა ვიცი... წუთები... საათები... დღეები... წინ და უკან... უკან და წინ... წრეზე დავდივარ მგონი... ასე მგონია არასოდეს დამთავრდება ეს... არა, კოშმარი როგორ ვუწოდო... მოდი დავტოვოთ უსახელოდ, რა პრობლემაა...
ყველაფერზე ერთად ფიქრი... ყველაფრის ერთად კეთება და ბოლოს... არაფერი დასრულებული და დასასრულამდე მიყვანილი... საშინელებაა!!!
გაუცნობიერებელი შიში... უსაფუძვლო მოლოდინი... უსაფუძვლო კი არა, უმომავლო... უუჰ, თუნდაც ერთი წამით შემაჭყიტა წინ... სულ ერთი წამით, მაგრამ... არა!!! ასე უფრო საინტერესოა... ეს ყველაფერი რაღაცით ჰგავს თამაშს... რა უაზრობაა და თან, რა აზრიანი...
შენ არ იცი, მე ვიცი... მე ვიცი, შენ არ იცი... ბლა... ბლა... ბლა... მძიმე... წერტილი... წერტილი... მძიმე და ისევ თავიდან... უსასრულობა დედამიწაზე არ არსებობს... მეც ამ არარსებული უსასრულობის მწამს და მჯერა დასასრული ექნება ყველაფერს...
ერთფეროვნება და ისევ სიჩუმე... თურმე შეიძლება სიჩუმეც მტკივნეული იყოს... იცოდით? მე აქამდე არ ვიცოდი...
უცებ ისე მომინდა ვინმეს დავლაპარაკებოდი და... სიჩუმე... გულისგამაწვრილებელიო, რომ იტყვიან აი ისეთი... სივრცეს, რომ მისჩერებიხარ და უცებ, რომ მოგინდება ვიღაცას ხელი მოჰკიდო...
ამ სივრცემ რომ არ გაგიტაცოს, არ შთანგთქას, არ წაგლეკოს...
და მერე მიხვდები, რომ სრულიად მარტო ხარ...
იმ მომენტში ერთი ხარ მხოლოდ..."

Комментариев нет:

Отправить комментарий