მოვიდა ფიქრები...
ლოდინს დაუსადგურებია ჩემს არსებაში, ვიღაც მეკითხება – "რას ელოდები, ვის ელოდები?" – "არც არავის" – ვპასუხობ მე... სულის სამყარო დაცარიელდა და იქნებ იმის შევსებას ველოდები, მაგრამ რითი?!...
ყველაფერი სადღაც გამქრალა, გაბნეულა ცარიელ სივრცეში, ეს სივრცე კი ისეთი უსაზღვროა, დასასრული არ უჩანს და მგონი დავიკარგე კიდეც ამ გაუვალ, ნისლიან სიცარიელეში... და ახლა სულ მარტო დავბორიალობ და მხოლოდ საკუთარი სუნთქვა და ექოდ გაბნეული ნაბიჯების ხმა მესმის...ეს ხმა ჭახანით იმსხვრევა სივრცეში და მერე ისევ და ისევ ჩუმდება ირგვლივ ყველაფერი... მახსოვს აბსოლუტურ სიჩუმეში მოხვედრას ვნატრობდი, მაგრამ ისიც სადღაც დაიკარგა, სიმარტოვე დაძრწის ჩუმი სუნსულით ჩემს გარშემო და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს, თუმცა რაღა რაღაცას, ის ჩემს სახელს იმეორებს და იმეორებს განუწყვეტლივ, მე თვალს ვაყოლებ მის ყოველ მოძრაობას და რაღაცას ჩემთვის ვბუტბუტებ, თუმცა რაღა რაღაცას... გავიქეცი?... კი გავიქეცი, მაგრამ ვის გავექეცი, საკუთარ თავს?!
იცით, როგორი ძნელია ხედავდე, გრძნობდე, მაგრამ მაინც სულერთი იყოს ყველაფერი?! უმნიშვნელოდ სულ ერთი...
იცით, როგორი მტკივნეულია სხეულში ჩადებული ქვად ქცეული გული?!
იცით, იცით როგორ?!
კარგია, რომ არაფერი იცით..... !
გული აღარ მტკივა... სულშიც აღარ მცივა... განა იმიტომ, რომ ვინმემ ჩემი გაიგო... ვინმე ჩემს ტკივილს მიხვდა?! არა, უბრალოდ ამდენი ტკივილისგან და უფრო მეტი და მეტი ტკივილიდან გული გაქვავდა... სულშიც აღარ კიარა, ვეღარ მცივა...
Комментариев нет:
Отправить комментарий