ადამიანი - ქმნილება ღმერთის, დარვინიზმის თეორიის, მითოლოგიური პრომეთეს მიერ, თუ უბრალოდ ის იყო და არსებობდა ყველა იმ მტკიცებულებებამდე, რომელიც საუკუნეების დავის საკითხია?!
თუ ღმერთმა მიწისგან შექმნა პირველი ადამიანი მამაკაცი
სახელად ადამი და მას შეუქმნა სამოთხე, სადაც უზრუნველად უნდა ეცხოვრა, მაშინ,
რატომ შექმნა მისგან პირველი ქალი ევა, რომელმაც აცდუნა მისი ფავორიტი და რატომ არსებობდა
სამოთხის ბაღში ხე, რომელიც იცოდა კაცობრიობის
შექმნის საწყისი იქნებოდა?! ღმერთის მორწმუნეთა
პასუხი ერთია - ღმერთმა გამოცდა მოუწყო ჯერ ადამს, შემდეგ ევას და ბოლოს მთელ სამყაროს, სადაც ისინი უმოწყალოდ განდევნა ... მაგრამ საკითხავია, რატომ ითვალისწინებდა ღმერთი მხოლოდ საკუთარ სურვილებს
და რატომ არ იფიქრა იმაზე, უნდოდა თუ არა ადამიანს
მოვლენილიყო დედამიწაზე?! სადამდე მიიყვანა
ღმერთი თავისივე ექსპერიმენტებმა, რომლებმაც
იგი თვითონვე დააყენა გამოცდის წინაშე?!
ჩვენი წელთაღრიცხვით და წელთაღრიცხვამდეც, ადამიანი თავისი არსებობის დღიდან ცდილობს განვლოს სიცოცხლისთვის განკუთვნილი წლები და ამისათვის მას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. პირველყოფილი წყობილებიდან მოყოლებული, ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისათვის იბრძვიან და ამ მიზნისკენ სწრაფვაში მათთვის ხელი არ შეუშლია ღმერთს, არამხოლოდ ჰყვარებოდათ ერთმანეთი, არამედ, ებრძოლათ კიდეც ერთმანეთის წინააღმდეგ. მან ხომ საკუთარი ძეც კი, რომელიც ხორციელ ადამიანად მოავლინა დედამიწაზე, თავისივე არსებობის დამაჯერებლობისთვის მსხვერპლად შესწირა კაცობრიობას. თავისივე დაწესებული წესების თანახმად, იესო კიდეც უნდა ჰყვარებოდათ და სძულებოდათ კიდეც. ერთგულებიც უნდა ჰყოლოდა გვერდით და საუკეთესო მეგობარსაც უნდა ეღალატა მისთვის. კიდეც უნდა ერწმუნათ ღვთის შვილის და მისი რელიგიის არსებობის და კიდეც უნდა უერყოთ ქრისტიანობა. გამოდის, ღმერთმა ადამიანი მუდმივად ტანჯვის ობიექტად შექმნა და მისი მეურვე და ბედის განმკარგველიც გახდა.
ჩვენი წელთაღრიცხვით და წელთაღრიცხვამდეც, ადამიანი თავისი არსებობის დღიდან ცდილობს განვლოს სიცოცხლისთვის განკუთვნილი წლები და ამისათვის მას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. პირველყოფილი წყობილებიდან მოყოლებული, ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისათვის იბრძვიან და ამ მიზნისკენ სწრაფვაში მათთვის ხელი არ შეუშლია ღმერთს, არამხოლოდ ჰყვარებოდათ ერთმანეთი, არამედ, ებრძოლათ კიდეც ერთმანეთის წინააღმდეგ. მან ხომ საკუთარი ძეც კი, რომელიც ხორციელ ადამიანად მოავლინა დედამიწაზე, თავისივე არსებობის დამაჯერებლობისთვის მსხვერპლად შესწირა კაცობრიობას. თავისივე დაწესებული წესების თანახმად, იესო კიდეც უნდა ჰყვარებოდათ და სძულებოდათ კიდეც. ერთგულებიც უნდა ჰყოლოდა გვერდით და საუკეთესო მეგობარსაც უნდა ეღალატა მისთვის. კიდეც უნდა ერწმუნათ ღვთის შვილის და მისი რელიგიის არსებობის და კიდეც უნდა უერყოთ ქრისტიანობა. გამოდის, ღმერთმა ადამიანი მუდმივად ტანჯვის ობიექტად შექმნა და მისი მეურვე და ბედის განმკარგველიც გახდა.
თუ დარვინიზმის თეორიას მივყვებით, პირველყოფილი ადამიანები პრიმატებისგან განვითარდნენ. ცხოველები,
რომლებიც ევოლუციის შედეგად თანდათან
დადგნენ ორ ფეხზე, დაიწყეს ბგერების წარმოთქმა
და მათი ტვინი კი იმდენად განვითარდა, რომ არსებობისთვის სხვადასხვა თვისებების შეძენა
დაიწყო. სიკეთესთან ერთად, ბოროტების შეთავსებაც შესძლო. სიყვარულთან ერთად, სიძულვილიც ისწავლა. მივიდა თუ არა პრიმატისგან განვითარებული კაცობრიობა
დარვინიზმის თეორიის ლოგიკურ დასკვნამდე?!
თუ გავითვალისწინებთ უძველესი სამარხებიდან ამოღებულ ადამიანების ჩონჩხებს, რომელთა სახე და სხეულის ნაწილები ძალიან ჰგვანან
პრიმატების ფიზიონომიას, მაშინ დასკვნაც დადებულია - ადამიანი პრიმატისგან განვითარდა.
და კიდევ ერთი ტიტანი, რომელმაც კაცობრიობა თიხისგან შექმნა და მას სული
შთაბერა, ეს იყო პრომეთე. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, იყო დრო, როცა ქვეყნად ადამიანი არ მოიპოვებოდა. ტიტანს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ დედამიწის გულში ჩამარხული იყო ღვთაებრივი თესლი, რომლის სულის ჩადგმა და გაცოცხლება შესაძლებელი იქნებოდა
და მან ეს შესძლო. პრომეთეს თავხედობით განრისხებულმა ღმერთების მბრძანებელმა
ზევსმა, მის მიერ შექმნილ კაცობრიობას პანდორას
ყუთი უსახსოვრა, რომლის გახსნის შემდეგაც ადამიანებმა
ისწავლეს რა იყო ბოროტება, ავადმყოფობა, ომი და ყველა ის გაჭირვება, რომლის წინააღმდეგაც დღემდე იბრძვიან პრომეთეს მიერ
შექმნილნი. არავინ იცის, როდის გაიხნა ისევ ჯადოსნური ყუთი და როდის გაითავისუფლა
თავი იმედმა, რომელიც ასე საჭირო იყო და არის
კაცობრიობისათვის...
და მაინც, ღმერთის, დარვინიზმის თეორიის, თუ პრომეთეს მიერ, რატომ შეიქმნა კაცობრიობა?! რატომ ვიბადებით თითოელი ჩვენგანი?!
დაბადება...
დედის საშვილოსნოდან გამოსული ფილტვების ამუშავებას
ცდილობ. ჰაერს ისუნთქავ და ტირილით ამცნობ
ქვეყნიერებას, რომ ახალი სიცოცხლე გაჩნდა დედამიწის
რომელიღაც წერტილში. ტირილით დაბადებაც ადამიანის
ხვედრია და მთელი ცხოვრება შვებას ტირილში ჰპოვებს. ცოტაც და შიმშილის შეგრძნებაც გიჩნდება. დედის ძუძუს ეწებები ტუჩებით და გამალებული ცდილობ
დანაყრებას. შემდეგ ღიმილსაც ითავსებ და უღიმი
გარშემო ყველაფერს, რასაც ჯერ კიდევ ვერ ხედავ, მაგრამ გიხარია, რომ ცოცხალი ხარ და უკვე გრძნობ, შენზე ზრუნვას იწყებენ.
გზა ზრდასრული ასაკისკენ...
ნელ-ნელა მიიწევს ახალი სიცოცხლე წინ და თანდათან იზრდები. გონება და ტვინი გივითარდება. უკვე შეგიძლია აზრიანად პრეტენზიული იყო, აზრიანად გიხაროდეს და იცინოდე.
წამოზრდილი,
ფეხზე მყარად მოსიარულე და მოლაპარაკე უცხო ადამიანების ხელში გადადიხარ. მათ მასწავლებლები ჰქვიათ და ისინი იწყებენ შენს
აღზრდას, სწავლა-განათლების მოცემას, ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ სკოლაში და ბოლოს უმაღლეს სასწავლებელში. ყველაფერი ამის შემდეგ გადიხარ ცხოვრების ასპარეზზე
და შენი თავის დამკვიდრებას იწყებ. ყველაფერთან
ერთად გინდა ბედნიერი იყო, ცხოვრებით უზრუნველყოფილი
და ცდილობ ამ მიზნისკენ სწრაფვას არამხოლოდ წესების დაცვით, წესების დაუცველადაც, რადგან უმეტეს შემთხვევაში ხედავ, რომ თუ მხოლოდ შენ გინდა, სხვას არ უნდა ჰქონდეს. „მხოლოდ მეს“
პრინციპი ეგოიზმის ბრალია, რომელიც დედის მუცლიდან თან დაჰყვათ ადამიანებს. თუ გაგიმართლა და ბედმა ან ღმერთმა დიდხანს სიცოცხლის
საშუალება მოგცა, წვალებით, მაგრამ ბევრი რამის მიღწევას შეძლებ. ხოლო, თუ
მცირეხნიანი ცხოვრების გზა გერგო წილად, უნდა
ჩათვალო, რომ არც გიცხოვრია. პასუხი არ არსებობს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რატომ ვიბადებით ერთნაირ ასაკში და რატომ ვკვდებით
სხვადასხვა ასაკში?! ღმერთის მორწმუნეთა მტკიცებით, უფალს თავისთან ახალგაზრდა ადამიანი იმიტომ მიჰყავს, რომ მასაც კარგი უნდა თავისთვის. რა უნდა მისგან და რატომ უნდა ჰყავდეს გვერდით ჯანმრთელი, ჯერ კიდევ სისცოცხლით სავსე ადამიანის სული, ამაზე
პასუხი არავის აქვს... უნდა ღმერთს და აქ წყდება
ბრმა აზრი...
ადამიანები შენს გარშემო...
ცხოვრების ბილიკ-ბილიკ მიმავალ გზაზე, ადამიანები ქაოტურად ირევიან შენს
გარშემო. ზოგიერთი მათგანი ისე ახლოს მოდის
და იკავებს გარკვეულ ადგილს, რომ შენი განუყოფელი
ნაწილი ხდება. შენ ამ ურთიერთობას სახელს
არქმევ - მეგობრობა. ჰო, ისინი ახლა ის ადამიანები არიან, ვინც გინდა შენი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვერდით
გყავდეს. თუმცა, მოულოდნელობები აქაც იჩენს თავს. ზოგი, რომლებიც
ყველაზე საიმედოდ მიგაჩნია, ისე გიღალატებს
საკუთარი ამბიციების გამო, სინანულსაც არ გრძნობს. თუმცა,
არავინ იცის, ვინ იყო მართალი თქვენს
შორის. სინამდვილეში, ვინ-ვის უღალატა. ამიტომ,
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ურთიერთობის დასასრულშია, როცა რაღაც ისე არ მთავრდება
და იმ ურთიერთობიდან ის ვერ მივიღეთ რაც ჩვენ გვინდოდა, საკუთარი თავის მსხვერპლად
გამოყვანა ვიცით... ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი შეცდომები სხვას დავაბრალოთ და სანამ
ეს ურთიერთობა დამთავრდება მანამდე, არც კი ვფიქრობთ ჩვენ შეცდომაზე. ბოლოს კი, როცა ვხვდებით, რომ დამნაშავეები ჩვენ თვითონვე ვართ, იმდენად გვრცხვენია
ჩვენივე საქციელის, რომ სხვას ვაბრალებთ ყველაფერს და თვითონ უმწიკლო კრავები გამოვდივართ.
იმდენ ტყუილს ვლაპარაკობთ და ამ ყველაფერს
იმდენად დამაჯერებლად ვაკეთებთ, რომ საბოლოოდ ჩვენს თავსაც ვარწმუნებთ და ჩვენ თვითონვე
ვიჯერებთ ამ უსამართლობას...
სიყვარული...
ცხოვრების თანმდევი სიყვარული, ბავშვობიდან ვითარდება. საპირისპირო სქესის მიმართ სიმპატია და ლტოლვა სულ პატარა ასაკიდან იწყება. გიყვარს სულ, ან გინდა, რომ სულ გიყვარდეს. სიყვარულს გული ითხოვს სულის და სხეულის დასამშვიდებლად. გიყვარდება რამდენიმეჯერ და იმდენივეჯერ ცას სწვდები ბედნიერებისგან. მაგრამ, როცა თითოეული მათგანი მთავრდება, გგონია, რომ სიცოცხლე დასრულდა და აღარასოდეს იქნები ბედნიერი. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და იგი ზღაპარს ჰგავს... ზღაპარივით იწყება "იყო და არა იყო რა...", არის "ზღაპრული" პერიოდებიც, ლამაზი, სასიამოვნო და მარადიული მომენტებით, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და კარგს ყოველთვის მოსდევს ცუდი, მერე ისევ კარგი და ეს თითქოს ერთი დიდი, დაუსრულებელი გზაა, რომელსაც ბოლო არ უჩანს... დანაკარგს ადვილად ვერ ეგუები. გეცვლება ხასიათი, სახე, თვალები - რომლებიც ყველაზე მეტად ინახავს დარდს და ტკივილს. მაგრამ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ვერაფრით შეცვლი, რისი დაკარგვაც ვერაფრით ვერ ანაზღაურდება. შენთვის ძვირფას ყოველ ადამიანს, ყოველ საგანს, თავისი ჯადო აქვს. მახსოვრობაში ის გამუდმებით ვარსკვლავივით კიაფობს და სინათლის სხივებს გაწვდის. ეს ნიშნები ცოცხალ, მკაფიო წარმოდგენას ქმნის დავიწყებულ წუთზე, საათზე, დღესა და წელიწადზე. ადამიანის მთელი ცხოვრება ამ მკაფიო წარმოდგენებისა და მოგონებებისგან შედგება და რადგან ეს არც ისე ბევრია, მათი დაკარგვა დიდ ტკივილს იწვევს ხოლმე. დრო იწყებს მკურნალობას და დაკარგვასთან ერთად შენი მახსოვრობიდან თანდათან იშლება და სამუდამოდ იკარგება განსაზღვრული ჟამი, რომელიც გიყვარდა ან გძულდა, რომელიც ჯაჭვის რგოლივით იყო გადაბმული იმ ერთიანობასთან, რომელსაც ბიოლოგიური არსებობისგან განსხვავებით - ცხოვრება ჰქვია...
პირადი ცხოვრება...
უკვე დიდი ხარ და იცი, რომ ახალი და აუცილებელი, გარდაუვალი ეტაპი უნდა დაიწყოს შენს ცხოვრებაში
- უნდა დაქორწინდე, ოჯახი შექმნა,
შვილები გააჩინო და კაცობრიობის არსებობას უნდა მისცე გაგრძელების საშუალება. ვალდებული ხარ არჩევანი გააკეთო საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის და
ერთი მათგანი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად გაიყოლო გვერდით. თითქოს არ გჭირდება ბევრი ფიქრი, რადგან სიყვარულის ერთი ეტაპი ყოველთვის დგას ადამიანის
ცხოვრებაში და თვალდახუჭული ენდობი მას. დარწმუნებული
ხარ, ის ერთადერთია და განუმეორებელი, ვისაც მუდამ ეყვარები, ვინც არასოდეს გიღალატებს, მუდამ ისე იქნება, როგორც ურთიერთობის დასაწყისში - რომანტიზმის მთელი
შეგრძნებით, სიყვარულით გაბრუებული თავით და
მის დანახვაზე აფრთხიალებული გულით. ქმნი ოჯახს, სადაც შვილები ჩნდებიან, მათზე ზრუნვას იწყებ და გიხარია, რომ შენ ახლა სრულყოფილი ადამიანი ხარ. გადის დრო,
ბავშვები იზრდებიან, მათ უკვე საკუთარი
ცხოვრების გზის არჩევა უწევთ, საკუთარი აბიციები
აწუხებთ და ბუდიდან გადასაფრენად ემზადებიან.
შენ იმდენად ხარ მათი ცხოვრებით დაკავებული, რომ ვეღარ ამჩნევ, როგორ გაგიფრინდა ახალგაზრდობის წლები, როგორ შეგეპარა თმაში ჭაღარა და როგორ გავიწყდება, რომ ხანადახან მაინც საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. დრო და დრო ფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც გაქვს და იმაზეც, რამდენად ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრებით, შეძელი თუ არა შენი თავის რეალიზება. ყოველდღიური დამღლელი ყოფა რამდენად აკმაყოფილებს
შენს არსებობას. ფიქრთან ერთად შენს გვერდით
მყოფ ცხოვრების თანამგზავრს უყურებ და ხვდები,
როგორ შეიცვალა ყველაფერი, როგორ დაგავიწყდათ
ერთმანეთი ამ წლების განმავლობაში. არა, თითქოს გიყვარს ისევ, მაგრამ თუ დაუკვირდები, ეს ის სიყვარული აღარ არის. სადღაა რომანტიზმი, რომლის გამოც აირჩიე ეს ადამიანი, რომელიც დღეს თითქოს ვეღარც კი გამჩნევს. ყველაფერი ამის შემდეგ გაქცევა გინდა, ოცნებებში გინდა ისევ ცხოვრება, როგორც ადრე შეყვარებულობის ასაკში. თქვენ კი ახლა უბრალოდ არსებობთ და ოჯახური მოვალეობების
გამო გიწევთ ერთმანეთის ატანა. საუბრობთ ყოფით
პრობლემებზე, კამათობთ უკვე თითქმის ყველაფერზე. ამ დროს
იყენებთ ყველა სიტყვას გარდა ერთისა,
სიტყვა „მიყვარხარ“, რომელმაც თავისდროზე ერთმანეთთან დაგაახლოვათ. სიტყვა,
რომელმაც ერთ სხეულად გაქციათ წლების წინ,
აღარ არსებობს, რადგან ამ სიტყვის მნიშველობას
და დანიშნულებას ვეღარ ხედავთ თქვენს ურთიერთობაში. შვილების გამო ხართ ერთად, რომლებიც კარგად ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის მათ მშობლებს შორის, მაგრამ ჩუმად არიან... სასოწარკვეთილებამდე მისულს, გინდა ერთ დღეს დაამსხვრიო ყველაფერი, გაექცე აუტანელ რეალობას და ცხოვრება თავიდან დაიწყო. თავიდან გინდა გიყვარდეს ისე, როგორც მაშინ. თავიდან გინდა განიცადო სიყვარულისგან და არა მოვალეობისგან მოვარდნილი ვნება. სულის შეხუთვამდე გინდა ისევ იყო ბედნიერი ახლიდან...
მაგრამ შენ ისევ იქ ხარ და ისევ ნიღაბ-მორგებული უცინი საზოგადოებას, რომელიც არ გაპატიებს გაქცევას, დაივიწყებს შენს ყველა ღირსებას და გაგთელავს, უმოწყალოდ გადაგივლის.
შეცდომები და ცოდვები...
ცხოვრება რაა შეცდომების და ცოდვების გარეშე, ან იქნებ
გინდა და ზოგჯერ საჭიროცაა ხაზი გადაუსვა კანონებს და ჩაიდინო სიგიჟე. იქნებ ზოგჯერ საჭიროა დაუშვა შეცდომა, იმიტომ, რომ
მის გარეშე ვერ ისწავლი ჭეშმარიტის ამოცნობას. ზოგჯერ საჭიროა ენდო გულს და არა გონებას, იმიტომ,
რომ გულს აქვს საიდუმლოებანი, რომელთაც გონება ვერ სწვდება... შეცდომების და ცოდვების ჩადენის შემდეგ გინდა დრო
უკან დააბრუნო და ყველაფერი უბრალოდ ერთი ხელისმოსმით შეცვალო, მაგრამ იცი,
რომ ეს შეუძლებელია, ან ისევ მოგიწევს ცხოვრების წესების და კანონების დარღვევა, რადგან არავინ იცის ბედნიერების ადგილსამყოფელი,
ამიტომ ყველა ბრმად ეძებს მას.
გზა სიცოცხლიდან სიკვდილისაკენ...
ეტაპებად დაყოფილი ცხოვრება სიურპრიზებს არ გაკლებს, ხან მწარედ დაგანარცხებს დაბლა, ხან მწვერვალისკენ გაგტყორცნის, მაგრამ არც იქ გტოვებს დიდხანს. საინტერესოა,
რამდენ ეტაპად იყოფა ადამიანის ცხოვრება... ზოგი რაღაც ეტაპზე ჩერდება და ჰგონია,
რომ იმის იქით წასასვლელი აღარ აქვს. რატომ? ეშინია, თუ ეზარება და ეგუება ერთფეროვნებას?! ზოგიერთი
სულ ძიებაშია, წინგადადგმული ნაბიჯი არ აშინებს და გაბედულებას მატებს, წააგებს თუ
მოიგებს მაინც მზადაა ისევ გარისკოს... არის მესამე კატეგორია, ცვლის ყველაფერს, რადგან
უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, მაგრამ გაბედულება და თვითდაჯერებულობა აკლია. ხელისწაკვრა
მისთვის მადლია, თუმცა, თუ მარტოდ დარჩა, უსუსურობა და უილაჯობა ემართება, მერე იყინება და
ფიქრობს, რომელ მხარეს აჯობებს, რომ წავიდეს...
თუ გზა ვერ დაინახა, ან ვერ გამონახა, უსაშველობისგან დათრგუნული სუიციდის მსხვერპლი ხდება.
და მერე, ნებით
თუ უნებლიედ სიკვდილი მოდის და ისე მიჰყავხარ,
არც კი გეკითხება, გინდა თუ არა სიცოცხლის
შეწყვეტა ისევე, როგორც არც დაბადება უკითხავს ვინმეს - გსურდა კი ცხოვრების რთული გზის
გავლა... თუ მოასწარი და დასახულ მიზნებს სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც მიაღწიე, თუ შთამომავლობას ტოვებ ბედნიერს, მაშინ გგონია,
რომ შეგიძლია მშვიდად განისვენო... მაგრამ ადამიანი ხომ ეგოისტია, რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა და სიცოცხლის დღეებსაც ისე ებღაუჭება, როგორც დაგროვილ ქონებას. სამაგიეროდ,
როცა გარდაუვალი სიკვდილის წინაშე დგები,
მაშინ იწყებ ფიქრს განვლილ ცხოვრებაზე,
სინანული გიპყრობს ჩადენილი შეცდომების გამო და უცებ ის ღმერთი გახსენდება, რომელმაც შეგქმნა თურმე, რომელსაც აღსარება უნდა ჩააბარო და თავი სინანულით
შეაცოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მრავალჯერ თქმული
და გაგონილი სამოთხის მკვიდრი გახდე. იმქვეყნიერების
არსებობას იჯერებ ამქვეყნიდან წასვლამდე და მხოლოდ იმიტომ ხარ სინანულით შეპყრობილი, რომ იქაც კეთილმოწყობილი ცხოვრება გქონდეს, რადგან თუ სამოთხის არსებობას იჯერებ, იცი მის გადაღმა, სადღაც ჯოჯოხეთიც არსებობს, რომელიც შენს წარმოდგენაში ცხელი კუპრითაა სავსე
და თუ ღმერთი ყურადღებით არ მოისმენს შენს მონანიებულ აღსარებას, იქ მოგიწევს მუდმივი ბანაობა.
ცხოვრების რეალობა...
სინამდვილეში, თითოეული ჩვენთაგანი კაცობრიობის ერთი უმცირესი ელემენტია, რომელიც თვითდამკვიდრებას ცდილობს დღევანდელ 8 მილიარდს
შორის. ამისათვის კი ჩვენ ყველანი საკუთარ
ცოდვებს ვემალებით, მუდმივად სხვისას განვიხილავთ და იმ წესებს თვითონვე ვარღვევთ, რომლებიც თვითონვე დავუწესეთ ერთმანეთს. ღმერთით ვაშინებთ ერთმანეთს მაშინ, როცა თვითონვე ვარღვევეთ მის მცნებებს. დღემდე გვინდა გჯეროდეს, რომ სამყაროს სიყვარული მართავს. ის სიყვარული,
რომელსაც თვითონვე ვღალატობთ და მაშინ,
როცა ფეხით გასრესილი სიგარეტივით იატაკზე აგდია ერთადერთი სიტყვა "მიყვარხარ!", რომელსაც უკვე
აღარავინ საჭიროებს, რადგან დიდი ხანია აღარავის სჯერა მისი...
უბრალოდ, სიტყვა „სიყვარული“
იმედზეა ჩამოკიდებული და ადამიანებიც იმედით ეჭიდებიან მას, მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, იმედის გარეშე დარჩენილი სიყვარულის სრული გაქრობით, კაცობრიობის არსებობაც შეწყვეტს ფუნქციონირებას...
დასკვნა, მაგრამ
არა დასასრული...
მიუხედავად იმისა,
როგორიც არსებობს კაცობრიობა სიკეთესთან,
ბოროტებასთან, სიყვარულთან და სიძულვილთან
ერთად, მორწმუნეთა და ურწმუნოთა შორის, და მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა გენიალური, წარმატებული ან ხელმოცარული, შეყვარებული ან გულგატეხილი, იქნებ მარტოსულიც უამრავ ადამიანს შორის, თუ ამ აურზაურში თითოეული ადამიანი საკუთარი ცხოვრების
გამართლებას შესძლებს, მაშინ კაცობრიობის აპოლოგიასაც აქვს არსებობის საშუალება
და უფლება, რადგან დღევანდელ ყოფაში, როცა
ყოველდღე იცვლებიან ადამიანები და მათი მოთხოვნილებები, სურვილები, გრძნობები, ფასეულობები,
იცვლება გემოვნება, მსოფმხედველობა და მორალი, და მიუხედავად იმისა, რომ რთულია და თითქმის შეუძლებელი, იყო მუდმივად
სიახლის გენერატორი, არავის შეუძლია დაბრუნდეს
წარსულში და შეცვალოს დასაწყისი, მაგრამ ყველას
შეუძლია დაიწყოს დღეს და შექმნას ახალი დასასრული...
Комментариев нет:
Отправить комментарий