суббота, 8 апреля 2017 г.

იყვირე: "კომედია დასრულდა"!!!

განცდას იმისას, რომ რაღაც "დალპა" ამ ქვეყანაში, რაღაც ახალი, მაგრამ ძველზე უფრო დაძველებული, ერთადერთ სურვილამდე მიჰყავხარ – გინდა მთელი ხმით, მთელი სამყაროს გასაგებად იყვირო, რომ – "კომედია დასრულდა"!!! 
იყვირე რამდენიც გინდა, კომედია მაინც გრძელდება... გრძელდება მაშინაც, როცა მას შენში, შენს აზროვნებასა და ცნობიერებაში ასრულებ... გრძელდება, რადგან ერთი მემილიონედი ნაწილიც კი არ ხარ ამ დაუსრულებელ კომედიაში მოთამაშე საზოგადოების და მაქსიმუმი, რასაც შენი, თუნდაც ყველაზე ხმამაღალი და განწირული ყვირილით მიაღწევ, ისაა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდები... თვითიზოლაციას აქვს ასეთი გარდაუვალი "უკუჩვენება" – რა "დოზითაც" გაემიჯნები სამყაროს, ზუსტად იმავე "დოზით" იტყვის იგი შენზე უარს... იმდენჯერ დაგვაყვედრეს "უღრუბლო ცის ქვეშ, უდარდელ მიწაზე ცხოვრებას", რომ... 

ბოლოს ყველა სახის ომი ვნახეთ - კასეტური ბომბებიდან დაწყებული, ძმათა კვლის "გავლითა" და "უსისხლო ომით" დამთავრებული, როცა ყოველდღე "გკლავენ" და "კვდები" – უსისხლოდ, პანაშვიდების გადახდისა და საფლავის ლოდის დადების გარეშე... 
იმდენჯერ დაგვამადლეს "თავისუფლება", რომ ბოლოს ეს თავისუფლებაც "გიჟის თავისუფლებად" გვექცა. იქ, სადაც ვიღაც, მით უფრო ძალაუფლების მქონე, "გიჟის თავისუფლებით" ცხოვრობს, ვიღაც – ანუ ვიღაცეების ერთობლიობა – "მონის თავისუფლების" იქით ვერ მიდის...
სასოწარკვეთილებამდე ნაბიჯი ერთია... ვისთვის კილომეტრებით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... ყველას ჰქონდა თავისი მიზანი, მაგრამ ბოლოს მიზანს აცდენილები სწორედ იქ მოვხვდით სადაც სასოწარკვეთილებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ვისთვის კილომეტრობით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული... 
მიზანი კი, რომელიც ერთიშეხედვით ყველას ერთნაირი გვქონდა, ან უნდა გვქონოდა, კოცონზე იწვის – ამ მიზანს ბედნიერ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრება ჰქვია... სწორდ ეს მიზანი აერთიანებთ და სწორედ ეს მიზანი აშორებს ადამიანებს – ვიღაც ფიქრობს, რომ ამ მიზნისკენ მიდის ხელისუფლება... ვიღაცას მიაჩნია, რომ ამ მიზნისთვის იბრძვის ოპოზიცია... 
არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც მიზანმა და მიზნისკენ სწრაფვამ მიზანი დაკარგა... ვიღაცას ვიღაც სძულს... ვიღაცას ვიღაც ებრალება ზიზღნარევი, მდაბიური სიბრალულით... ვიღაცას ვიღაც ხიბლავს უსაგნო ფანატიზმით... ვიღაცას ვიღაც უყვარს კიდეც, ან ჰგონია რომ უყვარს... ისევ ფერადი შუშის ნატეხებისაგან იქმნება საზოგადოება, ოღონდ ამჯერად საერთო სიბრტყისა და განზომილების ნაცვლად, დროსა და სივრცეში აცდენილი სუბიექტებივით, სხვადასხვა სიბრტყეში ვართ გაბნეულები - ქაოსურად, უწესრიგოდ და "მოხეტიალე მოლეკულების" მსგავსად ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა ერთმანეთს უნებურად, ან მიზანმიმართულად "ვეჯახებით"... ერთმანეთისკენ სავალი გზები ვერ გვიპოვია... ვერ გვიპოვია, რადგან არ არსებობს ამის სურვილი, არ არსებობს "სერთო წესრიგი", რომელიც ერთ მთლიანობად, ანუ თანაცხოვრების პრინციპზე დამყარებულ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბებს...
სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... 
მიზანი, რომელიც ერთიშეხედვით ყველას ერთნაირი გვქონდა, ან უნდა გვქონოდა, კოცონზე იწვის – ამ მიზანს "ბედნიერ ქვეყანაში, ბედნიერად ცხოვრება" ჰქვია...

Комментариев нет:

Отправить комментарий