არ არსებობს რელიგია, რომელიც ბოროტებას, ადამიანის განკითხვას, კაცთა კვლას ან ნებისმიერ სხვა ძალადობას მხარს უბამდეს...
ყველას მრწამსი ერთია (რამდენიმე პუნქტად დაყოფილი), აკეთე მხოლოდ კარგი, დათესე სიკეთე და ადამიანი თუ არა, ღმერთი დაგიფასებს...
რამდენად გამოგვდის ჩვენ ადამიანებს მრწამსის ნებისმიერი ქვე–პუნქტის შესრულება?! ყველას ვერ ვიცავთ, მაგრამ რაღაცას მაინც ვცილობთ და ესეც იმ ქვეცნობიერის გათვალისწინებით, იმქვეყანაში, რომ გველოდება – სამოთხეში მოვხვდებით, თუ ჯოჯოხეთში...
არ განსაჯო, არ აკრიტიკო, არ იჭორაო (დაბალი ინტელექტი, მეტს ვერ ითვალისწინებს, ვერ მიდის განსჯამდე და კრიტიკამდე, რაც ბევრად უფრო კორექტული ფორმებია), მაშინ, როგორ ვიცხოვროთ?! ყველაფერს უბრალოდ შევხედოთ, მოვუსმინოთ და გავატაროთ?!
ადამიანი ინდივიდია და საკუთარი მატერიალიზმი იმდენად აქვს შესისხოცებული, მისი ფსიქოტიპის შეცვლა, შეუძლებელია. თუმცა, შეიძლება ასწავლო და მცირედით შეუცვალო წარმოდგენა გარკვეულ საკითხებზე...
არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არსებობენ: სწავლობენ, კითხულობენ, მუშაობენ და ა.შ. და მათთვის არ არსებობს სხვა სამყარო, სხვა პიროვნებები, სხვა დამოკიდებულებები. ან შეგუებადი ფორმულირებით ცხოვრობენ (მაინც ასე იქნება და რა მნიშვნელობა აქვს), ან ეზარებათ საკუთარი აზრის გამოხატვა... ეს მათი ისეთივე ბუნებრივი მდგომარეობაა, როგორც აქტიური, ან ჰიპერაქტიური ადამიანებისა, რომლებიც „ენას კბილს ვერ აჭერენ“ და საკუთარი აზრის გამოსახატავად, უკან არაფერზე იხევენ...
როგორი ფსიქოტიპის ადამიანებია მისაღები საზოგადოების ფართო მასებისათვის?!
რა თქმა უნდა, აქტიური... ეთანხმება, თუ არ ეთანხმება, მასა ირჩევს კრიტიკას, რომლის მოსმენა, ან წაკითხვა (აგრესიის მიუხედავად) მაინც მისაღებად მიაჩნია...
გარკვეულწილად, ყველა ადამიანი ცოდოა, თუ ის არ ცხოვრობს იმ გარემოში, სადაც დაახლოებით მისნაირი ინდივიდები ცხოვრობენ... ასეთ შემთხვევაში, ისინი იკეტებიან, ან ცდილობენ მოხვდნენ ისეთ გარემოში, სადაც მშვიდად განაგრძობენ თავიანთ ასკეტურ არსებობას...
რამდენ ეტაპად იყოფა ადამიანის ცხოვრება...
ზოგი რაღაც ეტაპზე ჩერდება და ჰგონია, რომ იმის იქით წასასვლელი აღარ აქვს. რატომ? ეშინია, თუ ეზარება და ეგუება ერთფეროვნებას?!
ზოგიერთი სულ ძიებაშია, წინგადადგმული ნაბიჯი არ აშინებს და გაბედულებას მატებს, წააგებს თუ მოიგებს მაინც მზადაა ისევ გარისკოს...
არის მესამე კატეგორია, ცვლის ყველაფერს, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, მაგრამ გაბედულება და თვითდაჯერებულობა აკლია. ხელისწაკვრა მისთვის მადლია, თუმცა თუ მარტოდ დარჩა, უსუსურობა და უილაჯობა ემართება, მერე იყინება და ფიქრობს, რომელ მხარეს აჯობებს, რომ წავიდეს...
მეცოდებიან ადამიანები, იტანჯებიან, წვალობენ... არადა, ისინი ხომ ამქვეყნის მხოლოდ მცირეხნიანი სტუმრები არიან...
ხშირად მინატრია ხოლმე ჩემთვის, სხვისთვისაც გამიზიარებია: ნეტავი მომკლა და ჩემს დაკრძალვას შორიდან მაყურებინა-მეთქი. ვინ წავა, ვინ მოვა, ვინ როგორ მიგლოვებს?! აი, უაღრესად საინტერესო ამბავი. რატომ?! ალბათ, იმიტომ რომ შეუძლებელია...
მაინც რა სულელია ადამიანი: ერთი ბედნიერება აქვს, რომ თავის სიკვდილს ვერ ნახავს და ამაზეც კი დარდობს...
რისი გვწამს დღეს?!
კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც.
გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა.
და, ვინ ასრულებს ქრისტეს მიერ დატოვებულ მცნებებს?!
არავინ!
სამაგიეროდ,
ვეძებთ...
ჰო, დღემდე ვეძებთ ცოდვებს მოსაჭიდებლად და მერე ალბათ სინანულად დავახარისხებთ...







Комментариев нет:
Отправить комментарий