суббота, 13 января 2018 г.

რატომ ევროპა?!


არ ვიცი,  უნდა მომწონებოდა თუ უნდა გამხარებოდა იმ ახალგაზრდების მიერ დაწერილი,  რომლებმაც იშრომეს და შექმნეს ნაწერები თემაზე  „რატომ ევროპა?“... მათთვის სხვადასხვა ღირებულებების მატარებელი აღმოჩნდა ევროპულობა და ბევრი მათგანის ნაშრომი მომეწონა კიდეც,  თუმცა,  მათში პრობლემებზე ნაკლებად იყო საუბარი...
სწორედ,  ამის შემდეგ გადავავლე თვალი ჩემი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას,  მის მისწრაფებას ევროპისკენ და უფრო მეტად შორს ჩავთვალე მისგან,  ვიდრე წარმომედგინა...
რატომ  ევროპა?  თუ ევროპა იმ კულტურის და ღირებულებების მატარებელია,  რომლის შესახებაც გვამცნობენ ჩვენი თანამედროვენი,  მაშინ,  რა თქმა უნდა,  უნდა გავრბოდეთ მისკენ,  მაგრამ გავრბოდეთ არა დაოთხილები და ცხოველურ ინსტიქტებამდე დაყვანილი მშიერ-მწყურვალის მონდომებით,  არამედ,  ჯერ აქ,  ჩვენსავე ქვეყანაში შევიქმნათ ის ევროპული ღირსებები და ღირებულებები და მერე გავცდეთ საზღვრებს.  იქნებ იმდენიც მოვახერხოთ,  აქეთ დაიწყოს სირბილი იმ ევროპამ და ჩვენ გამოგვეკიდოს?
რომელი ღირებულებებით და სტანდარტებით ვაკმაყოფილებთ დღეს ევროპულ სტანდარტებს? 

ალბათ იმ ორსართულიანი მატარებლით,  რომელშიც მგზავრობის დაწყებასთან ერთად გამცნობს ოპერატორი,  მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი,  უკაბელო და უფასო WI-FI-ს მომსახურეობით,  რომელიღაც კვების კომპანიის მიერ შემოთავაზებული მშრალი საკვების შეძენის საშუალებით და ა.შ.  როცა პირველად ვიმგზავრე ამ  „ევროპული სტანდარტების“  მატარებლით,  რამდენიმე კითხვა მაშინვე გამიჩნდა:  რატომ იყო მგზავრისთვის განკუთვნილი სავარძელი ასეთი მოუხეშავი და ვიწრო,  რატომ არ მუშაობდა უფასო-უსადენო ინტერნეტი გამართულად,  რატომ ყანყალებდა ასე საშინლად მეორე სართული,  რატომ არ ჩერდებოდა მატარებელი სხვადასხვა სადგურებში და განსაკუთრებით  „დიდუბის“  პლატფორმაზე და რატომ უნდა გაევლო და გამოევლო მგზავრს მთელი ქალაქი თბილისის შემოსასვლელამდე?  რატომ აქვს განსხვავებული ფასი ბიზნეს-კლასის,  პირველი კატეგორიის და მეორე კატეგორიის ადგილებს?  მითუმეტეს,  რომ არც ვაგონები,  არც სავარძლები,  არც მომსახურეობები და არც სხვა რამ აქვს მათ განსხვავებული...
მატარებლის ყველა გამცილებელს ერთი პასუხი აქვს:  ჩვენ არ ვიცით,  შეგიძლიათ ზემოთ მოიკითხოთ,  ანუ კომპანიის სათავეებში...
რამდენიც გინდა და სადაც გინდა იქ თქვი არსებული პრობლემების შესახებ,  მნიშვნელობა არ აქვს... მათი მატარებელი ისევ აგრძელებს მოძრაობას მატყუარა ოპერატორთან ერთად,  ისევ არანორმალურად ცივა ზაფხულში ამ გრანდიოზულ მატარებელში და კონდიცირების ეს ფორმა მისი სტანდარტი ყოფილა,  რომელსაც ვერ არეგულირებენ და რომლის გამოც გადაჭედილი ტურისტებით სავსე მატარებელის ვაგონები თვითონაც პირსახოცებში და ქურთუკებშია გამოწყობილი,  რომლებსაც გაყინული მგზავრები ჩემოდნებში ეძებენ... მაინც ხუთმაგი ფასები ადევს პროდუქციას,  რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კვების ობიექტი გთავაზობს და როგორი მშიერიც არ უნდა იყო,  არ ყიდულობ, რადგან არ გინდა გაბითურებული გამოხვიდე საკუთარ მესთან,  რომელიც ევროპისკენ მიექანება... წყალი არ მოითხოვოთ ორჯერ,  ან მოასწარით,  ვიდრე დაიცლება ბოთლები ცელოიდის ყუთიდან,  თორემ,  გამცილებლის ან მატარებლის დაცვის თანამშრომლის უკმეხი პასუხი არ აგცდებათ: „წყალი თუ გინდა, უნდა წამოიღო სახლიდან,  ან იყიდო...  აღარ გინდა კითხვის დასმა იმაზე,  რატომ არ დადგეს ამდენი ხნის განმავლობაში ყავის აპარატი და რა ღირს ეს აპარატი იმდენი,  რასაც ვერ შეწვდა უმდიდრესი კომპანია... ჩუმდები გაუკეთებელ პლათმორმებზეც,  საიდანაც შენთვის მარტივია გადაადგილება და ბრაზდები შეკვეთილში სპეციალურად გაკეთებულზე,  რომელიც მხოლოდ იმიტომ გაკეთდა,  რომ ერთმა ბრძანა ზემოდან,  ან მისი შვილის ინიციატივას ხომ არ დატოვებდნენ უყურადღებოდ...  აღარც ბათუმის სულ ახლახანს ჩაბარებულ  „ცენტრალზე“  გაქვს პრეტენზია,  სადაც მეორე სართულის მოსაცდელი დარბაზი გაუქმებულია და ვითომ აქაც არაფერი,  გაიყინონ მგზავრები ზამთარში გარეთ,  მატარებლის მოლოდინში,  ან დახვავდნენ პირველ სართულზე,  სადაც ზედახორაა სულ რამდენიმე სკამზე და წელის გასამართად თუ წამოიმართე,  ჩათვალე,  რომ ადგილი დაკარგული გაქვს... გამოთქვი პრეტენზია დაგვიანებით ჩასვლა-ჩამოსვლაზე,  ვის ადარდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დასრულება?  არავის და თუ მაინც და მაინც დროზე გინდა ჩახვიდე დანიშნულების ადგილზე,  ზაფხულში იმგზავრეთ,  როცა რკინიგზის კომპანია და საქართველოს ხელისუფლებაც მომრავლებულ ტურისტებთან იწონებს თავს პუნქტუალობით... ოღონდ,  მათ ავიწყდებათ და ან სულაც არც აინტერესებთ,  სხვა რა პრობლემებთან ერთად მგზავრობენ პატივსაცემი უცხოელები,  ქართველ მგზავრებთან ერთად...
ერთადერთი,  რაზედაც ყურადღების გარეშე ვერ დაგტოვებენ,  კომპიუტერული პროგრამის არევის შედეგად სტუდენტური ბილეთის განახევრებული ფასის გაორმაგებულად მოყიდვასტანაა დაკავშირებული. თუმცა,  აქაც შნო და გამბედაობა გჭირდება აუცილებლად,  რომ პოზიციები არ დათმო და გაბითურებული არ დარჩე ამ შემთხვევაშიც...
დრო გადის,  ჩვენი ხელისუფალნი ისევ ამაყობენ რუსეთის მიერ დაწუნებული ორსართულიანი მატარებლის შეძენით და მოძრაობით.   არადა,  იქ არსებული ხარვეზები უფრო და უფრო იმატებს და არ კლებულობს...  ჩვენ კი  დიდი ევროპისკენ მივისწრაფით ჩვენი  „საამაყო“  და  „ევროპული“  მატარებლით  და თავი კიტრად მოგვაქვს უცხოელებთან...
კიდევ,  რამდენი პრობლემით მივიჩქარით ევროპისკენ?
მაგის ჩამოთვლას დროც იმდენი უნდა,  რამდენიცაა და დანარჩენს იქ მოგახსენებთ,  შემდეგ დროში...
ანუ,  გაგრძელება იქნება...

პატივისცემით,  ევროპისკენ მიმართული მარათონის მრბოლელი - თამუნა თაბუკაშვილი!

Комментариев нет:

Отправить комментарий