вторник, 25 октября 2016 г.

ვიღაც თუ რაღაც "გავაცილე" წვიმაში...

რატომ იბუდებს თვალებში დარდი ...




წვიმს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც თუ რაღაც "გავაცილე" წვიმაში და წვეთებიღა დამრჩა, რომ როდისმე გავიხსენო.... "წავიდა"..... უსაშველოდ წვიმს.... ვიღაც თუ რაღაც კი, არ "დაბრუნებულა".... სულში ვიყურები და ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, ფერები? ჩემი ფერადი სული... წვიმას წაუღია, ჩამოუღვენთია... სამაგიეროდ თავისი სევდიანი და უჟმური ფერი მოუგდია...

ჩავიდა მზე და მოვიდა ფიქრები... ლოდინს დაუსადგურებია ჩემს არსებაში, ვიღაც მეკითხება – "რას ელოდები, ვის ელოდები?" – "არც არავის" – ვპასუხობ მე... სულის სამყარო დაცარიელდა და იქნებ იმის შევსებას ველოდები, მაგრამ რითი?!...
სველ ფანჯარიდან ვხედავ, როგორ ღებავს შემოდგომის წვიმა ჩემს იდუმალ სამყაროს სევდისფერად... ვგრძნობ, როგორ იბუდებს სულში სიცივე და როგორ.......................................................
უხმოდ გავერიდე ატირებულ მინებს... გული ცივდება და ურიტმოდ ანაწილებს სისხლის ნაფლეთებს მთელ სხეულში... 
...სიცარიელე, რომელიც მეფდება გარშემო და ნთქავს ყველა ფასეულობას... 

ყველაფერი სადღაც გამქრალა, გაბნეულა ცარიელ სივრცეში, ეს სივრცე კი ისეთი უსაზღვროა, დასასრული არ უჩანს და მგონი დავიკარგე კიდეც ამ გაუვალ, ნისლიან სიცარიელეში... და ახლა სულ მარტო დავბორიალობ და მხოლოდ საკუთარი სუნთქვა და ექოდ გაბნეული ნაბიჯების ხმა მესმის...ეს ხმა ჭახანით იმსხვრევა სივრცეში და მერე ისევ და ისევ ჩუმდება ირგვლივ ყველაფერი... მახსოვს აბსოლუტურ სიჩუმეში მოხვედრას ვნატრობდი, მაგრამ ისიც სადღაც დაიკარგა, სიმარტოვე დაძრწის ჩუმი სუნსულით ჩემს გარშემო და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს, თუმცა რაღა რაღაცას, ის ჩემს სახელს იმეორებს და იმეორებს განუწყვეტლივ, მე თვალს ვაყოლებ მის ყოველ მოძრაობას და რაღაცას ჩემთვის ვბუტბუტებ, თუმცა რაღა რაღაცას... გავიქეცი?... კი გავიქეცი, მაგრამ ვის გავექეცი, საკუთარ თავს?!
და მაინც... დრო ყველა ჭრილობას კურნავს, თუმცა ძალიან ნელა, მაგრამ არა უშავს დღეს მთელი დღე ვიტირებ, ხვალ დღეში სამჯერ, ზეგ დღეში ორჯერ, მაზეგ დღეში ერთხელ, მერე კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ… მერე... მერე… მერე და მერე ამ "მერესაც" დავიწყების მტვერი დაედება ნელ-ნელა, მკურნალი დრო იმუშავებს...................................................

Комментариев нет:

Отправить комментарий